იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშს გაეცნენ. ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა საანგარიშო პერიოდში არსებულ მაკროეკონომიკურ და საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ძირითადი ყურადღება ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, ინფლაციის მაჩვენებელზე, საგარეო სავაჭრო ბრუნვის დინამიკასა და ბიუჯეტის შემოსავლებზე და მის ხარჯვით ნაწილზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სფეროსა და გამგებლობაში მიკუთვნებულ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები პროცენტულად წარმოადგინა და წლის ბოლომდე მოსალოდნელ საპროგნოზო შედეგებზეც ისაუბრა. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კომიტეტის წევრები ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით გაწეული ღონისძიებებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯული თანხებით, სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებით დაინტერესდნენ, რომლებზეც გიორგი კაკაურიძემ დამატებითი განმარტებები გააკეთა.
კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნანა ბერიძემ სარატიფიკაციო შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი 2017 წლის 9 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტისას მოეწერა და დოკუმენტი მთავრობათაშორის შეთანხმებას წარმოადგენს, რომელიც თავისი შინაარსით ჩარჩო ხელშეკრულებაა. მისივე განცხადებით, ანალოგიური შეთანხმებები საქართველოს მთავრობას უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და უკრაინასთან.
კომიტეტის სხდომაზე „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე ადვოკატთა ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებას გაეცნენ. საკითხის უკეთ გაცნობის მიზნით, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განხილვის ვადის გადადება და უშუალოდ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელის სხდომაზე მოწვევა მოითხოვა, რასაც კომიტეტის წევრებიც დაეთანხმნენ.
სხდომაზე კომიტეტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე საგამოძიებო პროცესების გაცნობის მიზნით, მთავარი პროკურორის მოწვევა მოითხოვა. ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და განუმარტა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც პარლამენტს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების მოსმენის უფლება არ აქვს.
ძალიან ნათლად უნდა ვიცოდეთ რა უფლება აქვს პარლამენტს და რა ვალდებულებები აქვს, როდესაც საქმე ეხება საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით მის ფუნქციებს და განსაკუთრებით, როცა ეს ეხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს. ქვეყნის უზენაეს კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მკაფიოდ არის ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ არავის აქვს უფლება, პროცესში მონაწილე პირების გარდა, სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეების თაობაზე მოისმინოს ინფორმაცია. მით უფრო პარლამენტს, რომელიც არის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, დაიბაროს მთავარი პროკურორი და მოთხოვოს მას ანგარიში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მან კოლეგებს ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციაც შეახსენა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური ორგანოში სისხლის სამართლის საქმეები არ უნდა იხილებოდეს.