”ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურისგან და ეროვნული ბანკისგან მოითხოვს, რომ ”პროგრეს ბანკის” საქმიანობა და მისი გაყიდვის საკითხი შეისწავლოს

”ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურისგან და ეროვნული ბანკისგან მოითხოვს, რომ ”პროგრეს ბანკის” საქმიანობა და მისი გაყიდვის საკითხი შეისწავლოს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ სირაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სირაძემ აღნიშნა, ”პროგრეს ბანკი”, რომელსაც ერთი პლასტიკური ბარათიც არ დაუმზადებია და ერთი ფილიალიც არ გაუხსნია, ”თიბისი ბანკმა” შეიძინა, რაც მისი თქმით, გაუგებარია.

”საქმე მდგომარეობს შემდეგში - ”პროგრეს ბანკის” 78%-ის მფლობელი, პანამურ ოფშორში რეგისტრირებული Pintex Group Corporation-ია, რომლის ერთადერთი დამფუძნებელიც არის ვინმე ილია გავრილოვი, რომელსაც კალაძემ დაუთმო თავისი წილი აღნიშნულ ბანკში, ირკვევა, რომ რუსეთში მის მიმართ დაწყებულია გამოძიება პანამაში ფულის გათეთრების ფაქტზე. ილია გავრილოვი არის საერთაშორისო თაღლითი, იგი იყო ”გაზპრომთან” დაახლოებული თურქმენული ფულის, 42 მილიონი დოლარის თაღლითური გზით მოპარვაში ბრალდებული, ფულის გათეთრების არაერთ საქმეში ჩართული პიროვნება. 2016 წელს მას მოსკოვში დაუხურეს ფედერალური დეპოზიტური ბანკი, ზუსტად იმის გამო, რომ იგი ეწეოდა კრიმინალურ საქმიანობასა და ფულის გათეთრებას. სწორედ ეს ადამიანი მოგვევლინა ბიძინა ივანიშვილთან ერთად ”პროგრეს ბანკის” მეპატრონედ. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კახა კალაძე კვლავ რჩებოდა აღნიშნული ბანკის მართვაში, მისი სიმამრის, ბადრი არეშიძის და ილია კეჭაყმაძის მონაწილეობით. ბანკს, რომელსაც ერთი კონკრეტული პლასტიკური ბარათიც არ დაუმზადებია და არც ერთი ფილიალი არ გაუხსნია მისი საქმიანობის მანძილზე, მოულოდნელად ყიდულობს ”თიბისი ბანკი”. ჩვენთვის სრულიად გაუგებარი იყო თუ რაში დასჭირდა ”თიბისი ბანკს” კრიმინალური ფულით შექმნილი პანამური ბანკის შესყიდვა თაღლითი გავრილოვისგან, მაგრამ, როგორც ახლა ირკვევა, გამოძიება შესაძლებელია დაინტერესებულიყო და გამოძიების კვალი მისულიყო ”პროგრეს ბანკთანაც”. ამიტომ, კალაძე- ივანიშვილი-გავრილოვმა ფაქტობრივად დახურა კრიმინალური ისტორია პანამაში და მოახდინა წარსულში ჩადენილი დანაშაულებების კვალის დაფარვა, ხოლო თუ რის სანაცვლოდ გამოაყენებინა თავი ”თიბისი ბანკმა” კალაძე-ივანიშვილს, ამით ვფიქრობთ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან ასევე ეროვნული ბანკისგან, შესწავლილ იქნას ”პროგრეს ბანკის” საქმიანობა, მისი გაყიდვის საკითხი და გაირკვეს, თუ რის სანაცვლოდ და რატომ მოხდა ეს გარიგება”, - განაცხადა ოთარ სირაძემ.