"კარგად იყიდება ჰიბრიდები. ამას სახელმწიფოც ხელს უწყობს - განბაჟების საფასური განახევრებულია"
- "რომელწლიანია? რამდენად გაყიდით?" - რუსთავის ავტობაზრობაზე შესვლისთანავე ამ კითხვით შემაჩერა ახალგაზრდა კაცმა. მანქანას არ ვყიდდი, თუმცა ეს კითხვა საბაბი აღმოჩნდა დიალოგის გასაბმელად. რა ხდება დღეს ქართულ ავტობაზარზე, რომელი ქვეყნიდან შემოტანილი ავტომანქანები იყიდება ყველაზე ხშირად, ვინ არიან მყიდველები... კითხვა ბევრია, თუმცა, მყიდველის რაოდენობას თუ დავაკვირდებით (მიუხედავად იმისა, რომ შაბათია), ვარაუდის გარეშე გეტყვით - მოვაჭრეებს მათთან სალაპარაკოდ ბევრი დრო აქვთ. მყიდველის მოლოდინში გვარიანად გარუჯულები, მორიგეობით ეფარებიან ქოლგებს და იმედის თვალით უყურებენ ყოველ გამვლელს, - იქნებ დღეს მაინც არ დაბრუნდნენ შინ ხელცარიელები.
ჩემი ავტომანქანით დაინტერესებული მამაკაცი მანქანების რეალიზატორი აღმოჩნდა. ამერიკულმა მანქანებმა იაპონური ჩაანაცვლა, - მეუბნება შეწუხებული, - ცხრა წელია, ამ საქმიანობას ვეწევი. ეს ბიზნესი დაახლოებით 6 წლის წინ უფრო მომგებიანი იყო. შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანელი მყიდველები ამუშავებდნენ ამ ბაზარს, მაგრამ, მას შემდეგ, რაც იქ ევრო-4 სტანდარტზე გადავიდნენ, მანქანის ჩამოყვანას აზრი აღარ აქვს. თუ ჩამოიყვან, 2010 წელს ზემოთ გამოშვებული უნდა იყოს, გარანტია რომ გქონდეს დროულად რეალიზაციისა, მაგრამ ეს იმხელა სახსრებს მოითხოვს, არ ღირს, მოგებასაც ვერ ნახავ. ამიტომ უმრავლესობას მანქანა აღარ ჩამოჰყავს, აქ იძენენ, გაალამაზებენ პატარძალივით, განბაჟება იმას არ უნდა და ცოტა რაღაც გრჩება.
სანამ ბაზრის ცენტრს მივაღწევდი, რამდენჯერმე მკითხეს - ყიდი? ფერი არაა გასავლიანი, მაგრამ თუ კარგ ფასში მომცემ, გავრისკავდი და ავიღებდი. გასავლიანი ფერები თეთრი, შავი და ვერცხლისფერი ყოფილა.
მანქანას სადგომზე ვაჩერებ. ჭაღარათმიან გამყიდველს გამოვესაუბრე: "დაახლოებით 7-8 ათასი დოლარის ღირებულების მანქანები იყიდება, უფრო ძვირიანები - თითო-ოროლა. ისე გაფუჭდა სიტუაცია, რომ სხვა საქმეს მოვეკიდებოდი, მაგრამ ჩემი ხნისას აღარავინ მამუშავებს. ამერიკიდან შვილი მიგზავნის მანქანებს, რაც ჩემს მდგომარეობას ბევრად ამარტივებს..."
მეზობლად კიდევ ერთი მოვაჭრე მანქანის საბარგულში იქექება და თან მე მესაუბრება:
- ამერიკიდან იაფად ჩამომაქვს დამტვრეული მანქანა, მერე ვალამაზებ და ვყიდი.
იაპონური მანქანებით თითქმის აღარავინ ვაჭრობს. რატომ გადაიხდი, 2005-წლიანი NISSAN MARCH-ის განბაჟებაში 3600 დოლარს, როცა 2500 დოლარად შეგიძლია ამერიკიდან ჩამოყვანილი განბაჟებული მანქანა შეიძინო?! ამ ეტაპზე უფრო ამერიკიდან ჩამოყვანილი 2013-14 წელს გამოშვებული ჭოლსვაგენ ჯეტა და ჭოლსვაგენ პასატ-ი იყიდება.
- ამ სარეალიზაციო მანქანებიდან რამდენი პროცენტი გაივლის ტექდათვალიერებას წარმატებით?
- ახალი თაობის მანქანები ყველა გაივლის, რადგან კატალიზატორები ამოცლილი არა აქვთ. დამტვრეულ მანქანას რომ ვაწყობთ, გასათვალისწინებელია, რომ ავტომანქანას ყველაფერი მწყობრში ჰქონდეს - ღვედი, აირბაგი... ადრე რეალიზებული მანქანების უმრავლესობას კი კატალიზატორი არა აქვთ. ტექდათვალიერება რომ შემოიღონ, საქართველოს ავტოპარკის ნახევარზე მეტი ვერ გაივლის.მე 2004 წელს გამოშვებული მანქანა მყავს, მაგრამ კატალიზატორი არ მიდევს, რომ გაწევა მეტი ჰქონდეს. დანარჩენი ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში აქვს, მაგრამ გამოდის, რომ ტექდათვალიერებას ვერ გავივლი. ალბათ ვიღაცის ინტერესია - ჩემნაირ უკატალიზატორო ავტომანქანიანი მძღოლების დახმარებით ააწყოს ბიზნესი. აი, ნახავთ, ეს აღმოჩნდება ამ წამოწყების თავიდათავი. ხანდახან კვირაობით ვერ ვვაჭრობ, თუმცა აგვისტოს ბოლოდან კარგი პერიოდი დაიწყო. მერე ახალი წლისთვის გავჩერდებით და გაზაფხულის სავაჭრო სეზონს დაველოდებით. საშუალოდ წელიწადში 30-40 მანქანა ჩამომყავს გასაყიდად...
ევროპული ავტომანქანების სექციაში ძია თამაზი გამეცნო.
- გერმანიიდან ჩამოყვანილი ავტომანქანებით ვვაჭრობ. ყოველთვიურად 18-20 მანქანა მაინც მიყენია გასაყიდად. ახლაც 12 გზაშია, მაგრამ ქართველი ვერ იძენს: 2000-წლიანი განსაბაჟებელი Astra GE-ს 1500 დოლარი ღირს, ხოლო განბაჟება ადრე თუ 700-800 დოლარი ჯდებოდა, ახლა 4300 ლარი ღირს. წელიწადი იწურება და ქართველმა მხოლოდ სამი მანქანა იყიდა ჩემგან.
ცვლილებები, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტს შეეხო, იაპონური ავტომანქანებით მოვაჭრეთა ჯიბეზე უარყოფითად აისახა. ახალი თითქმის აღარ ჩამოჰყავთ, მოვაჭრეების უმრავლესობა რეალიზებულ და განბაჟებულ მანქანებს იძენს და ისევ ყიდის.
კარგად იყიდება ჰიბრიდები. ამას სახელმწიფოც ხელს უწყობს - განბაჟების საფასური განახევრებულია. მას ქართველი ყიდულობს, ეკონომიურია და ეკოლოგიური.
დღეს სომხეთი და უკრაინა თუ ასულდგმულებს ქართულ საავტომობილო ბაზარს, - შეწუხებული ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე, - გადახდა არც სომხებს უყვართ, არც უკრაინელებს. ისე ამოწმებენ მანქანის თითოეულ ჭანჭიკს, გეგონება, ქარხნიდან ნახევარი საათის გამოყვანილი იყოს. სპეციალური აპარატებით დადიან, ზომავენ რაღაც-რაღაცებს.
ახლა მანქანებით ვაჭრობა ბიზნესი აღარაა, ვინც ამ საქმით იყო დაკავებული, ახლა ზოგი ადგილობრივ მანქანებს ყიდულობს, ზოგმა ტაქსაობა დაიწყო, ან სხვა საქმე მონახა. მეც ჩამომყავდა იაპონიიდან მანქანები. იაპონური მანქანა მოვლილი და სუფთაა, მაგრამ რადიაციულიცაა... ამბობენ, რაღაც სპეციალური ხსნარით რეცხავენ გასაყიდ მანქანებს, რის შემდეგაც გარკვეული ხნის განმავლობაში შემოწმებისას აპარატი რადიაციის მაღალ დონეს ვერ აფიქსირებს. რამდენიმე გარეცხვის შემდეგ ეს ხსნარი გადაირეცხება და ხელში რადიაციული ავტომანქანა გვრჩება.
- როგორ წარმოგიდგენიათ ქართული ავტობაზარი 5 წლის შემდეგ?
- ამ ბაზარზე 10 000 სადგომია. როცა გაიხსნა, გავსებული იყო აქაურობა. რეალიზაციის შესაბამისად შემცირდა ბაზრის თანამშრომელი, რადგან ახლა ბაზრის ნაწილი ცარიელია. ჩვენი ამ დღეში ყოფნის მიზეზი გაძვირებული განბაჟებაა! ადრე, შაბათ-კვირას, აზერბაიჯანში 500-600 მანქანა გადიოდა, ახლა კი 15 თუ გადის. დავრჩით სომხების და უკრაინელების ანაბარა. არადა, აზერბაიჯანელები კარგი გადამხდელები იყვნენ, სომხები და უკრაინელები კი სულ წუწუნებენ...ქართული მანქანა "ახალციხელი"
ამბობს, - მანქანის აწყობა ჰობია და მხოლოდ თავისუფალ დროს ვერთობიო, თუმცა ამ ჰობის გამო გურამ სუდაძემ და მისმა "ახალციხელმა" საქართველო აალაპარაკა.
- ავტოინჟინერი ვარ, პროფესიით არასდროს მიმუშავია, ოჯახურ ბიზნესს ვუძღვები, მანქანების აწყობა ჰობია, ბავშვობის ოცნებას ფრთებს ვასხამ. ეს შემოქმედებითი პროცესია - მუშაობ და შედეგი სიამოვნებას განიჭებს. შეცდომებსაც უშვებ - ასწორებ, გამოცდილებას იძენ, სწავლობ, უფრო და უფრო ვითარდები...
- ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც თქვენ ახალაწყობილ წითელ მანქანასთან დგახართ და ხელში მისი სატესტო ნომერი გიჭირავთ.
- "ახალციხელი" 1933 წელს გამოშვებული "ფორდის" ანალოგია. ეს მოდელი ყოველთვის მომწონდა. ამერიკაში "ფორდის" კომპანიის მანქანები ძვირი ღირს, 40 ათას დოლარამდე. მე ვერასდროს შევიძენდი, ამიტომ გავრისკე და ავაწყვე. 4 წელი მოვანდომე ამ საქმეს სულ 3 ათას დოლარამდე დამიჯდა.წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 18 სექტემბრის ნომერში
ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად