„ვაკეში ცხოვრება უკვე შეუძლებელია - მშენებლობების რიცხვი კატასტროფულად მატულობს“.
ამის შესახებ არქიტექტორმა ირაკლი მასხარაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
არქიტექტორი დედაქალაქში იმ ტერიტორიებს გამოყოფს, სადაც, ფაქტობრივად, სატრანსპორტო კოლაფსია. მისი შეფასებით, ჭავჭავაძე და მისი პარალელური აბაშიძის ქუჩა დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაუვალი ხდება.
„სატრანსპორტო კოლაფსისთვის არის განწირული ვაკის რაიონიც და მისი განტვირთვის ერთადერთ გზად მეტროსადგურ "რუსთაველის" ხაზის გაგრძელება რჩება, თუმცა, დედაქალაქის მერია ამ ვარიანტს არ განიხილავს, რადგან თურმე ძვირად ღირებული პროექტია და ამ საკითხზე ფიქრიც კი მიზანშეწონილი არ არის. ისიც არ იციან, რომ ურბანული პრობლემის გადაჭრა მრავალწლიანი პროცესია და დღესვე ახალი მეტროსადგურების მშენებლობას არავინ ითხოვს - ამისთვის ჯერ ტერიტორიების დარეზერვება უნდა მოხდეს და შემდეგ რამდენიმეწლიანი სტრატეგია გაიწეროს.
როგორც ჩანს, ტერიტორიის დარეზერვება არ აწყობთ, რადგან შესაძლოა, ინვესტორი გამოჩნდეს და მასთან სარფიანად გარიგების შანსი გაუჩნდეთ. ამასობაში კი ჭავჭავაძე და მისი პარალელური აბაშიძის ქუჩა დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაუვალი ხდება. ვაკეში ცხოვრება უკვე შეუძლებელია - მშენებლობების რიცხვი კატასტროფულად მატულობს, მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, გზების გაფართოების შესაძლებლობა კი უბანს წართმეული აქვს, რადგან კორპუსებს პირდაპირ სავალ ნაწილზე აშენებენ,“-აღნიშნავს მასხარაშვილი.