საგამოძიებო სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ GEM fest-ის საქმეზე გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

თუ დანაშაული იქნება, არაფერს გამოვრიცხავ , - ასე პასუხობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია, GEM fest-თან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მისი დამფუძნებლის, გიორგი სიგუას პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

თუმცა, როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ ეტაპზე „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის“.

”თუ დანაშაული იქნება, არაფერს გამოვრიცხავ. ჯერჯერობით ვიძიებთ. თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი გამოკვეთილი არ არის. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამის შემდეგ გაირკვევა, პასუხისგებაში მისაცემი პირის, ან პირების ვინაობა. ვიდრე მტკიცებულება არ იქნება, ბრალდებულებზე წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რათა დაცული იყოს მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია”, - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.

რაც შეეხება თავად საქმის დეტალებს, გამყრელიძის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით.

”საქმეზე გამოკითხულია ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, ისე სხვები, ადამიანები, რომლებიც იქ იყვნენ დასაქმებული და ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ბიზნესები, სულ, ალბათ, 100-მდე პირი. გამოკითხვები კვლავ გრძელდება. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა და ამ ყველაფერს გამოძიება და დრო სჭირდება. მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა, ანუ, რა თანხები შემოვიდა და რა გაიცა. გამოსაკითხი არიან ასევე ადამიანები, რომლებიც იყვნენ კონტრაქტორები, რომლებმაც ჩამოიტანეს აპარატურა, დაამონტაჟეს და ა.შ. ყველა მიმართულებით მიდის გამოძიება”, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ფესტივალისთვის ბიუჯეტიდან დარიცხულ ფულს, გამყრელიძის ინფორმაციით, ”ამაზე გამოძიება ცალკე მიდის”.