ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მამუკა წოწერიას განცხადებით, აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებულებისთვის ფულადი კომპენსაციების გაცემის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„შევხვდით აქციის მონაწილეთა ნაწილს. საუბარი იყო თხილის მოსავლის შემცირებაზე. მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რას აპირებს სახელმწიფო კონკრეტულად აზიურ ფაროსანასა და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად. სახელმწიფო აგრძელებს შეწამვლით ღონისძიებებს. ასევე მოსახლეობას დაურიგდება თითო ლიტრი შესაწამლავი პრეპარატი. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ფულადი კომპენსაციები არ გაიცემა, თუმცა, საუბარია სახელმწიფო პროგრამების გაძლიერებაზე, რაც მოსახლეობას ცოტათი შეუმსუბუქებს მდგომარეობას“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობამ აქცია განაახლა. აქციის მონაწილეები აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და ამ დრომდე სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან.