საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც , - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის მეორე კვარტალის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, ნაცვლად 4.0 პროცენტისა, რომელიც ყოვლთვიური შეფასებების საფუძველზე იქნა გაანგარიშებული.
"მინდა შემოგთავაზოთ განახლებული ინფორმაცია ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკური დინამიკის ანალიზი. მოგეხსენებათ დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. 2017 წლის მეორე კვარტალის ეკონომიკურმა ზრდამ 4,7% შეადგინა, ნაცვლად 4.0 პროცენტისა, რომელიც ყოვლთვიური შეფასებების საფუძველზე იქნა გაანგარიშებული. შესაბამისად, დაზუსტდა 2017 წლის პირველ ნახევრის ეკონომიკური ზრდა, რამაც შეადგინა 4.9 პროცენტი",- განაცხადა გაგუამ.
მისივე თქმით, მეორე კვარტალის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა: ზრდა 16,4%, წვლილი 1,2%; სასტუმროები და რესტორნები: ზრდა 12,9%, წვლილი 0,4%; ტრანსპორტი: ზრდა 7,0%, წვლილი 0,5%; ვაჭრობა: ზრდა 3,7%, წვლილი 0,5%; ოპერაციები უძრავი ქონებით: ზრდა 7,2%, წვლილი 0,4%; საფინანსო საქმიანობა: ზრდა 6,4%, წვლილი 0,3%.
"ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს ეკონომიკურ ზრდის ჩვენს პროგნოზებს. ბოლო წლებში, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი უჭირავს კერძო სექტორს. ეს განსაკუთრებით გამოკვეთილია 2017 წელს. პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ხელფასების ზრდაში. 2017 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 10 პროცენტით გაიზარდა. ხელფასების ყველაზე სწრაფი ზრდა დაფიქსირდა: მშენებლობა - 38,6%; სოფლის მეურნეობა 27,9%; საფინანსო საქმიანობა - 20%; სასტუმროები და რესტორნები - 14,9%; მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - 11,6%. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ ზრდაში წარმმართველი კვლავ კერძო სექტორია. კერძოდ საშემოსავლო დეკლარაციების ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ პირველ 7 თვეში მთლიანი სახელფასო ხარჯი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8,7%-ით გაიზარდა. აქედან სახელმწიფო სექტორში სახელფასო ხარჯი 0,6%-ით შემცირდა, ხოლო კერძო სექტორში 12%-ით გაიზარდა",- აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, 2017 წლის პირველ ნახევარში კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 18%-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 18%-ით არის გაზრდილი.
"ამავე პერიოდში ბიზნეს სექტორმა 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ. 2017 წლის იანვარ - აგვისტოში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28.5%-ით. ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამაც, რაც მომსახურების ექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-აგვისტოში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 29.1%-ით გაიზარდა და 1,859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას შემდგომი წლების განმავლობაშიც",- აღნიშნა გაგუამ.