საქართველოში შეკერილი სამხედრო ფორმა დიდ ბრიტანეთში გაიგზავნება.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ივერიის“ ხელმძღვანელმა დავით ბიძინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სამხედრო ფორმას - დათბილულ ქურთუკს და შარვალს თურქი ინვესტორის „ჯოლი ტექსტილის“ დაკვეთით კერავენ, თუმცა პროდუქციის გაგზავნა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში იგეგმება.
„ამ კომპანიასთან 5 წელია ვთანამშრომლობთ, თუმცა ასეთი დიდი შეკვეთა პირველად მივიღეთ. ამ ეტაპზე 7 500-7 500 ცალ დათბილულ ქურთუკსა და შარვალს ვკერავთ. თავად თურქულ კომპანიას შეკვეთა დიდი ბრიტანეთიდან აქვს აღებული. შედეგად, სამხედრო ფორმა, რომელიც ჩვენთან იკერება, ლონდონში გაიგზავნება“, - აღნიშნა ბიძინაშვილმა.
მისივე თქმით, „ივერიას“ ურთიერთობა აქვს სხვა დამკვეთებთან ლონდონსა და პარიზში და მათი წარმომადგენლები საქართველოში სექტემბრის ბოლოს ჩამოვლენ.
"საუბარია უკვე პირდაპირ შეკვეთებზე. მათ წარმომადგენლებს სექტემბრის ბოლოს ველოდებით და ვნახოთ რა გამოვა. თუმცა, ამ პროექტისთვის, ალბათ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა დაგვჭირდება“, - აღნიშნა ბიძინაშვილმა.