საქართველოში საკრედიტო პროდუქტებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის იპოთეკურ სესხებს გამორჩეული ადგილი უჭირავს.
სამწუხაროდ, ზოგიერთი მსესხებელი სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებას, ვერ ერკვევა სესხის პირობებში და მოსალოდნელ რისკებზეც ნაკლებად ფიქრობს. რით არის გამორჩეული იპოთეკური სესხი და როგორია მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები? - ამ თემაზე ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი, ეკონომიკის დოქტორი მიხეილ თოქმაჯიშვილი გვესაუბრება:
იპოთეკური სესხის პლუსები
იპოთეკური სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა: მსესხებელი საჭირო თანხის სანაცვლოდ, ბანკში, ან სხვა კომერციულ დაწესებულებაში თავის ქონებას აბანდებს. ეს მას საშუალებას აძლევს მსხვილი თანხა მიიღოს და ამ თანხით დამატებითი ქონება შეიძინოს, ან თავისი ბიზნესი განავითაროს. ამიტომ სესხის ეს სახეობა ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს.იპოთეკური სესხის უარყოფითი მხარეები
საქმე ის არის, რომ ამ ტიპის სესხი სერიოზულ რისკებს შეიცავს: თუ მსესხებელი უკან ვეღარ აბრუნებს ფულს, პროცენტს ვერ იხდის და ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, მთელ თავის ქონებას დაკარგავს. ამ ქონების ღირებულება ხშირად აღემატება სესხს, რომელიც აღებული აქვს, ამიტომ შესაძლოა ამ კატეგორიიის სესხი ადამიანს ძალიან ძვირი დაუჯდეს. ზოგჯერ მსესხებელს არც სჭირდება იმ რაოდენობის თანხა, რაც მისი ბინა ღირს, არადა, უძრავ ქონებას ხომ ვერ დაანაწევრებს, ამიტომ იძულებული ხდება გარანტიის სანაცვლოდ მთელი თავისი ქონება ჩადოს ბანკში. ხშირად ბანკის (ან კერძო პირის) მიერ გაცემული თანხა რამდენჯერმე ჩამორჩება უძრავი ქონების რეალურ ფასს. საქმე უფრო რთულდება, როდესაც იპოთეკურ სესხით ბინას იშენებენ: ამ შემთხვევაში კლიენტს ერთდროულად აქვს საქმე ბანკთან და სამშენებლო კომპანიასთან. ამიტომ, საიმედო კომპანია უნდა შეარჩიოს და იმ თანხის გადახდა არ უნდა იტვირთოს, რომელსაც ვერ შეწვდება.ეს ის შემთხვევაა, როდესაც რისკზე წასვლას სიფრთხილე სჯობს
თუ პოტენციურ მსესხებელს ერთი ბინა აქვს, მისი ბანკში ჩადება სასურველი არ არის. კომერციულმა ბანკმაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისმა კლიენტებმა რაც შეიძლება ნაკლები რისკი გასწიონ. ამიტომ, ბანკი ყველა კლიენტს არ უნდა დათანხმდეს სესხის გაცემაზე. თუმცა, კომერციული ბანკისთვის რთულია წინასწარ განსაზღვროს, რა შესაძლებლობები აქვს ამა თუ იმ კლიენტს და როგორ მოიქცევა ის. უმეტესწილად, სესხის ამღები თავის რეალურ მდგომარეობას მალავს, რომ საჭირო თანხა მიიღოს. ამიტომ, თვითონ კლიენტს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული რას ნიშნავს იპოთეკური სესხი და ბანკში საცხოვრებელი ბინის ჩადება. არანაკლებ რისკზე მიდის ის, ვინც გადახდისუუნარო პირს თავდებად დაუდგება: უამრავი შემთხვევა მომხდარა, როცა მსესხებელს თანხა ვერ გადაუხდია და ის თავდებში მყოფი პიროვნების გასასტუმრებელი გამხდარა. ამიტომ, სიფრთხილე ყველას მართებს - ადამიანმა უნდა იცოდეს ვის ენდობა და ვის უდგება თავდებად.წაგებული რომ არ დარჩეთ ...
თუ იპოთეკური სესხის ამღები პირი ვერ იხდის ნაკისრ ვალდებულებებს, ბანკი უფლებას იტოვებს დაყადაღებული ბინა აუქციონზე გაყიდოს. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ ამ შემთხვევაში მსესხებელი ზარალდება, რადგან ბანკი ყოველთვის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდის დაყადაღებულ ქონებას. ამიტომ, თუ სესხი გამოგაქვთ, ფინანსური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაშიც უნდა გქონდეთ შესაძლებლობა ამ თანხის დასაფარად. თუ იპოთეკურ სესხს ვეღარ იხდით, თქვენთვის უფრო მომგებიანი იქნება, გაყიდოთ ბინა ბანკზე უფრო ადრე, სხვა შემთხვევაში, დაზარალებული დარჩებით. ბანკი თქვენს ბინას იმაზე უფრო იაფად გაყიდის, ვიდრე თავად გაყიდდით და წაგებული დარჩებით. იმასაც უნდა შეეგუოთ, რომ შეიძლება თქვენი საბინაო პირობები გაუარესდეს: ხშირად გადახდისუუნარო მსესხებელი იძულებულია ძალიან კარგი ბინა გაყიდოს და ქალაქგარეთ, გაცილებით უარეს პირობებში გადავიდეს საცხოვრებლად.დაფიქრდით, ვიდრე ხელშეკრულებას გააფორმებთ
ადამიანმა ზუსტად უნდა შეაფასოს თავისი მდგომარეობა, უნდა განსაზღვროს, შეძლებს კი ნასესხები თანხის უკან დაბრუნებას? - ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ადამიანმა თავიდანვე უნდა იცოდეს რა რესურსები აქვს საიმისოდ, რომ ბანკის ფული უკან დააბრუნოს. მას ეს ყველაფერი გააზრებული უნდა ჰქონდეს. სესხის აღებით კლიენტმაც უნდა ისარგებლოს და კომერციულმა ბანკმაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ერთგვარი ხაფანგი ხდება, რომლითაც ადამიანი უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იღებს. ამიტომ ხელშეკრულების გაფორმებამდე მსესხებელმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ამ საკითხში გარკვეულ ადამიანებთან. თუ ამ ნაბიჯს დაუფიქრებლად არ გადავდგამთ, ბანკის კრედიტოფიცრებთან და ექსპერტებთან საუბრის დროსაც მივხვდებით, ღირს თუ არა რისკზე წასვლა და მთელი ჩვენი ქონების იპოთეკით დატვირთვა.ხათუნა ჩიგოგიძე