ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდება.
ეკონომისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფუნდამენტურ და მაკროეკონომიკურ ფაქტორებს ვერ ხედავენ და ძირითად აქცენტს სეზონურობაზე აკეთებენ.
ტურისტული სეზონი ქვეყანაში ვალუტის შემოდინებასთან ასოცირდება და ამ პერიოდში, როგორც წესი, კურსს დაღმავალი ტრენდი არ აქვს, თუმცა ტურისტული სეზონის მილევასთან ერთად, ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო.
საპარლამენტო სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე სიტყვით გამოდიოდა, უმცირესობის მხრიდან დასმული მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ არ გაამყარა ლარი ტურისტების დახარჯულმა 1.86 მილიარდმა?
გიორგი კაკაურიძის თქმით, გაუფასურებული ნომინალური გაცვლითი კურსი ნელ-ნელა ჩამოვა, რადგან მაკროეკონომიკური პარამეტრებით გაუფასურების საფუძველი არ იყო და ადგილობრივი ვალუტა ზედმეტად არის დაცემული. როგორც კაკაურიძემ განმარტა, კურსის ვარდნაზე ასევე გავლენა მოახდინა მოლოდინებმა, რომელიც მოსახლეობას ტურისტების რაოდენობის კლებასთან დაკავშირებით აქვს.
"დღეის მდგომარეობით, რა მონაცემებიც გვაქვს, კურსის მერყეობას ნამდვილად არ ველოდებით. რაც შეეხება მიზეზებს, უკვე მომხდარ რყევებზე, სამწუხაროდ, გარკვეული ტენდენცია ჩამოყალიბდა და ყველას აქვს მოლოდინი, რომ ტურისტული სეზონის დასრულების შემდგომ კურსი უნდა გაუფასურდეს. კურსზე ზეწოლა გარკვეულწილად ამანაც იქონია, რადგან ტურისტული სეზონის დასრულების შემდგომ, სავარაუდოდ, მოსახლეობა შეეცადა, რომ მათ მიერ დაზოგილი თანხები გადაეყვანა დოლარში. თუ ჩვენ შევადარებთ კურსის მაჩვენებლებს სხვა ფულად ერთეულებთან, ვნახავთ, რომ მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთ დონეზე ვიყავით და აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში 5%-იანი გაუფასურება გვაქვს, რაც მიანიშნებს, რომ ეს არის ამოვარდნილი სურათი და თუ იგივე მაკროეკონომიკური ჩვენება გაგრძელდა, ჩვენ ველოდებით, რომ კურსი უნდა იყოს სტაბილური და, რა თქმა უნდა, ზემოთ არ უნდა წავიდეს", - განაცხადა კაკაურიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკას უწუნებს და ლარის გაუფასურებას ბანკებზე მთავრობის მხრიდან ფულის გასესხებით ხსნის. რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ მთავრობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო და "ეკონომიკის სტიმულირებისათვის" ბიუჯეტიდან ბანკებისათვის ფულის სესხების მანია გაუჩნდა.
"მთარვობა ახალ მავნებლობაში ჩაერთო. ბიუჯეტიდან ბანკებისათვის ფულის სესხების მანია გაუჩნდა "ეკონომიკის სტიმულირებისათვის". ლარის გაუფასურების ფონზე იმედი გვქონდა, რომ შეწყვეტდა ამ უმსგავსობას. ნურას უკაცრავად, 50 მილიონი ლარი გაასესხა. გაცემულმა სესხებმა უკვე 635 მილიონ ლარს მიაღწია. მხოლოდ ბოლო ორ თვეში 450 მილიონი ლარი გასცა. მთავრობამ ლარი შარშანდელ გზას გაუყენა", - აცხადებს გოცირიძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობის სამთვიან სესხებს, რომელსაც ის კომერციულ ბანკებზე გასცემს, ლარის კურსზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
"ფულის მართვის მსგავსი პრაქტიკა მომავალშიც იქნება გათვალისწინებული, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს სესხები შეიძლება უფრო მოკლევადიანი იყოს, თუმცა მომდევნო წლის რესურსების ფარგლებში, შეიძლება უფრო გრძელვადიანი იყოს", - აღნიშნა კაკაურიძემ.
მთავრობაში ლარის კურსის პროგნოზირებისგან თავს იკავებენ. პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ პროგნოზირება ძალიან უმადური საქმეა, თუმცა დასძენს, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესებულია 700 მილიონ დოლარამდე.
"რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესებულია 700 მილიონ დოლარამდე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში ფულადი ჩარიცხვები გაზრდილია. ექსპორტიდან ამონაგები არის შემოსული მეტი და ასევე, ტურიზმიდან ამონაგები. ჯამურად ეს არის 700 მილიონი დოლარი და, შესაბამისად, მე ვერაფერს ვპროგნოზირებ. ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს არის ბაზრის ქცევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს, რისთვისაც არის დაწყებული ლარიზაციის პროგრამა და ლარიზაციის პროგრამაში თვითონ მოსახლეობის სესხები კომერციულ ბანკებში ლარით არის გაზრდილი 43%-დან 53%-მდე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავდროულად, მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციური მოლოდინები, რომელშიც ჩვენ აგვისტოში საკმაოდ კარგი ტრენდი გვქონდა, 5,7%-მდე დავედით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, ტურისტული სეზონის გახურების პარალელურად, სებმა ინტერვენციების სახით, სავალუტო ბაზრიდან 110 მილიონი დოლარი ამოიღო, რაც ლარის კურსის სტაბილური ნიშნულის დაჭერით ახსნა. გაუფასურების პირობებში ეროვნულ ბანკს ინტერვენცია არ განუხორციელებია, რათა თავიდან აეცილებინა მცირე შოკი კურსის გაუფასურების სახით.
ეკონომისტების აზრით, წინასაარჩევნო პერიოდის მოლოდინებიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს კურსზე და ახლა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდეს გადამეტებული ხარჯვა. ასევე შენარჩუნებული იყოს ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ამ დროისთვის პროგნოზირებადზე მაღალია.
ბაჩანა ჯინჭარაძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"