„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშის თანახმად, უძრავი ქონების საკუთრება არასრულად არის დეკლარირებული პარლამენტის 16 წევრის შემთხვევაში.
აქედან, 4 შემთხვევაში დეპუტატის ოჯახის წევრის მიერ. საუბარია, შემდეგი დეპუტატის ოჯახის წევრებზე: რევაზ არველაძე („ქართული ოცნება”), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება - მწვანეები“), ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“) და რატი იონათამიშვილი („ქართული ოცნება“).
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირის დეკლარაციის არასწორად შევსება შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს - დარღვევის არსებობის შემთხვევაში პირი ჯარიმდება 1 000 ლარით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობისას, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს.
სისხლის სამართლის კოდექსით, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-200 სთ-მდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამასთანავე, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.