ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 459 000 ლარს გამოუყოფს , - ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, ფინანსურ დახმარებას რვა ოჯახი მიიღებს. თანხები ძირითადად დაზარალებულთა სახლების აღდგენასა და მშენებლობას მოხმარდება. მათივე ინფორმაციით, საკითხი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
„აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ დაზარალებულთა კომპენსირების საკითხი ოჯახების სრული ჩართულობით განსაზღვრა. მოგეხსენებათ, რომ აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი სრულად დაინგრა, ოჯახის წევრები ამჟამად ქირით არიან გაყვანილი. მათ შევთავაზეთ საკუთრებაში ბინების გადაცემა, თუმცა იმავე ადგილზე სახლების მშენებლობა არჩიეს. მთავრობამ მათი სურვილი გაითვალისწინა და მშენებლობისთვის საჭირო თანხა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოეყოფათ, ხარჯთაღრიცხვა ექსპერტთა ჩართულობით მომზადდა“ , - აცხადებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, რომელიც სამთავრობო კომისიას ხელმძღვანელობს.
მინისტრის განმარტებით, ფინანსურ დახმარებას ის ექვსი ოჯახიც მიიღებს, რომელთა სახლები აღდგენას ექვემდებარება. მათაც თანხა სარეზერვო ფონდიდან ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად გამოეყოფათ. ჯამში, რვა ოჯახისათვის 459,000 ლარის გამოყოფა იგეგმება.
გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების დაზიანება თხევადი აირის გაზგასამართი სადგურის აფეთქებამ გამოიწვია.