ბათუმში, ”მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებარე ობიექტზე დასაქმებულების ბრალდებებს კომპანიაში არ ადასტურებენ

ბათუმში, ”მეტრო ატლას ჯორჯიას“ მშენებარე ობიექტზე დასაქმებული მუშები სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობისგან ამის შესახებ დღეს შეიტყვეს.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ „მეტრო ატლას ჯორჯიაში”. როგორც კომპანიის დირექტორმა რაულ კახაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პირები სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, არამედ მშენებარე ობიექტზე რამდენიმე დღით სამუშაოები შეწყდა. მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერება, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ორი თანამშრომლის ახლობლებმა ითხოვეს. როგორც რაულ კახაძემ აღნიშნა, მშენებლობაზე კიდევ 50-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

„გარდაცვლილების ოჯახის წევრების თხოვნით, მშენებარე ობიექტზე სამუშაოები რამდენიმე დღით შეწყდა. ასეთი გაუგებრობა იმიტომ მოხდა, რომ მუშების გაფრთხილება დროულად არ განხორციელდა. ჩვენ სამსახურიდან არავინ დაგვითხოვია, პირიქით თანამშრომლების დამატებას ვგეგმავთ. აქციის მონაწილეები სწორედ ამას აპროტესტებენ, რომ დამატებით 50 ადამიანი არ დავასაქმოთ. ჩვენ 400 - ნომრიან სასტუმროს ვაშენებთ, აქ იქნება აპარტამენტები და საკონფერენციო დარბაზები“,- აცხადებს რაულ კახაძე.