საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02/06/2016) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 35 548 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება, ჯამში 1 632 038 235.00 ლარი ჩამოეწერა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მათ შორის, ა) ქვეპუნქტით 34 729 გადამხდელს ჩამოეწერა 1 626 000 935 ლარი, ბ) ქვეპუნქტით - 796 გადამხდელს 6 024 170.00 ლარი, გ) ქვეპუნქტით - 23 გადამხდელს 13 130.00 ლარი.
აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა. ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა: ა) 2011 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი).
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე, გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.