თუ რომელიმე დეპუტატს პრობლემა აქვს, ამას პასუხი უნდა გასცეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან კავშირი აქვს და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში.
„დეპუტატს, პირველ რიგში მოეთხოვება კანონმდებლობის მკაცრად დაცვა, რადგან დეპუტატი უნდა იყოს მაგალითი სხვა ყველა თანამდებობის პირისთვის და საჯარო მოხელისთვის. თუ რომელიმე დეპუტატს პრობლემა აქვს, ამას პასუხი უნდა გასცეს და სასწრაფოდ მოხდეს ამის გამოსწორება. პირადად ჩემზე ვიტყვი, დარწმუნებული ვარ, ვერანაირ ბიზნეს წილებს ვერ მიაგნებდნენ. მე რაც ვნახე, ძირითადში ამ ჩამონათვალში უმრავლესობის დეპუტატები არიან. ეს ჩამონათვალიც საკმაოდ შთამბეჭდავია“, - განაცხადა ტუღუშმა.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, პარლამენტის არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები პარლამენტის 16 წევრს აქვს, აქედან 14 დეპუტატი არის უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”: ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია.
ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია („ქართული ოცნება”) - 31 კომპანია, ნინო წილოსანი („ქართული ოცნება”) - 13 კომპანია, კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 13 კომპანია.