„ევროპულმა საქართველომ“ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. პარტიის ცნობით, ამომრჩევლებს ქალაქის განვითარების გეგმა თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გააცნო.
,,ჩვენს ქალაქში არის სამი ძირითადი პრობლემა: სოციალური ფონი, უმუშვერობა და მოუხერხებელი გარემო, რომელიც არ არის მორგებული ადამიანებზე. ჩვენ გვყავს პენსიონერები, რომლებმაც არ იციან რა ჭამონ, რომლებსაც აქვთ უამრავი პურის ვალი მაღაზიებში და არსებული პენსია არ ჰყოფნით. ამ ყველაფრის ფონზე თბილისის ბიუჯეტი იფლანგება პროექტებში, რომელიც საბოლოო ჯამში არაფრისმომტანია.
"ყოველდღიურად ვხვდები სოციალურად დაუცველ ადამიანებს, რომლებსაც შემწეობა უმიზეზოდ მოუხსნეს. მინისტრები დღეს საკუთარ კეთილდღეობაზე ზურნავენ. 200 მილიონი, რომელიც ჩვენ დავთვალეთ, წავა პენსიონერებთან დანამატის სახით 50 ლარი და სოციალურად დაუცველებთან - 70 ლარი. ერთ-ერთ მთავარი დაპირება ემსახურება სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ 4 წლის განმავლობაში შევქმნით 35 000 ახალ სამუშაო ადგილს. ყველა ჩვენი პროექტი ქალაქის გაუმჯობესებაზე და გაჯანსაღებაზე იქნება ორიენტირებული. სატვირთო რკინიგზის გადატანა, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას ხსნის, ჩვენ გვექნება გონივრული ურბანული განვითარება, ცენტრალური პარკი, საფეხმავლო ბილიკები და ეს ყველაფერი შექმნის 10 000 ახალ სამუშაო ადგილს.
"ავარიული სახლების რეაბილიტაცია - ჩვენ გვაქვს 3000-ზე მეტი ასეთი სახლი და ჩვენ გვაქვს გააზრებული გეგმა როგორ გავამაგროთ ეს შენობები. ეს ყველაფერი განავითარებს ბიზნესს და ადამაინებს ექნებათ საშუალება დამატებითი შემოსავალი მიიღონ. მნიშვნლოვანი მიმართულებაა საფეხმავლო სივრცეების შექმნა და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს თანამედროვე. ჩვენ გადავჭრით გარევაჭრობის მწვავე პრობლემას და გარე მოვაჭრეებს აღარავინ არსად გააგდებს. ყოფილი სამრეწველო ქარხნები, რომელიც ამჟამად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია - ჩვენ ინვესტორებთან ერთად შევქმნით ღია საზოგადოებრივ სივრცეებს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მისვლა და უბრალოდ დროის გატარება. ესეც გახდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალება.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ჩვენს ქალაქში იქნება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. გამოვიყენებთ საბაგიროებს, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ გეგმას, ავტოპარკის განახლებას, ყველა ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს საშუალებას შევამციროთ გარემოს დაბინძურება და შევინარჩუნოთ მწვანე. მოვუაროთ მწვანეს, რომელიც უამრავი გაგვაჩნია ჩვენს ქალაქში. ჩვენ ყველა ვიცხოვრებთ ქალაქში, სადაც სიტყვა ვიხრჩობი და ვერ ვსუნთქავ არ გაისმება. ქალაქის მერობა, ეს არის პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. ქალაქის მერი უნდა ემსახურებოდეს და ანგარიშს აბარებდეს ხალხს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.