ჩვენ მოლაპარაკებით ვერაფერს გავხდით და თუ მომავალი მერის მხრიდან უფრო მკაცრი ზომები იქნება გატარებული "სითი პარკთან" მიმართებაში, ეს მხოლოდ მისასალმებელია , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "სითი პარკთან" დაკავშირებით თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
"სითი პარკთან" ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია - ეს არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მათი საქმიანობის და მტაცებლური პოლიტიკის მიმართ. ბუნებრივია, მკაცრი ზომები უნდა იქნას გატარებული, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ "სითი პარკთან" გაფორმებულია ძალიან კაბალური ხელშეკრულება. ჩვენ მოლაპარაკებით მათთან ვერაფერს გავხდით, არც ერთი გონივრული წინადადება მათი მხრიდან არ იქნა მიღებული. თუ უფრო მკაცრი ზომები იქნება გატარებული მომავალი მერის მხრიდან, ეს მხოლოდ მისასალმებელია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კახა კალაძის თქმით, როგორც კი მერიაში შევა, მაშინვე დასრულდება ის უმსგავსობა, რაც პარკირებასთან დაკავშირებით ქალაქში ხდება.