ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.
როგორც სამინისტრო იუწყება, გიორგი გახარია ამჯერად შეხვედრებს შანხაიში მართავს. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა მოინახულეს და მის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მათივე განმარტებით, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონა ჩინეთში ყველაზე დიდია, სადაც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური 30 ათასამდე კომპანიაა წარმოდგენილი, მათ შორის ქართული ღვინის მწარმოებლებიც.
გიორგი გახარიას განცხადებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი იმ გამოცდილების საქართველოსთვის გასაზიარებლად, რომელიც შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონას გააჩნია.
”ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, რადგან საქართველოში რამდენიმე თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონა გვაქვს. ვიცით, რომ ჩინეთი თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონების განვითარებაში საუკეთესოა მსოფლიოში. ამ პავილიონებში, სადაც ახლა ვიმყოფებით, ცალ-ცალკე ქვეყნები არიან წარმოდგენილნი და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ქართული კომპანიები და საქართველო აქ იყოს წარმოდგენილი, მაგალითად, ”აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, აღნიშნულ სავაჭრო ზონაში ქართული ღვინის, წყლის, სოფლის მეურნეობის თუ ინდუსტრიული პროდუქციის მწარმოებლები ადგილობრივ მოსახლეობას ქართულ პროდუქტს გააცნობენ.
”ეს არ იქნება მხოლოდ გაცნობა. ეს იქნება გაყიდვებზე მომუშავე არხები - ელექტრონული, ინტერნეტით, ადგილზე მოსვლით მსგავს დარბაზებში და ა.შ. ამიტომ, ძალიან სასარგებლო და შთამბეჭდავია ეს ყველაფერი თავისი მასშტაბურობით. თუმცა, ყველაზე მეტად რაც მოგვეწონა, იყო ის, რომ გამყიდველ და მყიდველ კომპანიებს შორის კავშირი ძალიან გამარტივებულია. ძალიან კარგია ეს ყველაფერი და ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს გამოცდილება გადმოვიტანოთ საქართველოში”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.