გალის ქვედა ზონის სოფლების მოსახლეობა ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობს.
მართალია, სახლებს მასობრივად არ ტოვებენ, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაა, როცა ადგილობრივებმა გამოღმა სოფლებში გადმოსვლა მოახერხეს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ხალხი შიშობს, რომ, დარჩენის შემთხვევაში, შიმშილობისთვის გაიწირება, რადგან წლევანდელი მოსავალი მასობრივად განადგურდა. მოსალოდნელია, რომ ზუგდიდიდან სურსათის შეტანას ვერ შეძლებენ, რუსეთიდან იმპორტიურებული პროდუქტის ყიდვა კი, სიძვირის გამო, ისედაც უჭირთ. ხალხი მორიგი გაძვირების მოლოდინშია, რაც ოკუპირებულ რაიონში შიმშილობას უდრის.
ისედაც შემცირებული თხილისა და სიმინდის მოსავალი თითქმის ყველგან განადგურდა. პრობლემას ხალხი ოკუპირებული რაიონის თითქმის ყველა სოფელში აწყდება. ადგილობრივების თქმით, ფაროსანა მხოლოდ თხილისა და სიმინდის კი არა, ყველანაირი მცენარის მტერია. ხალხი შემოსავლის გარეშე დარჩა.
გალის ერთ-ერთი მკვიდრის ინფორმაციით, თითქმის არაფერი გადარჩა, რასაც პარაზიტი შეეხო, თუმცა ოკუპირებული რაიონისთვის მხოლოდ ფაროსანა არ არის პრობლემა. სეპარატისტების რეჟიმში მოქცეული ტერიტორიის მცხოვრებლები ეკონომიკურ ბლოკადაში არიან მოქცეული.
გალელებს ზამთრის გადატანა უკიდურესად გაუჭირდებათ. ზუგდიდიდან პროდუქტები გალში ბოლო დროს ისედაც ნაკლებად შედის და მოსახლეობას რუსული შეტანილი საქონლის შეძენა გაორმაგებულ ფასში უწევს. უმოსავლო წელიწადი ხალხის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
გალის ქვედა ზონაში ბევრია ოჯახი, სადაც ხალხმა მოსავალზე ხელი აიღო. სოფელ ნაბაკევის მკვიდრ რაულ ეხვაიას თქმით, თხილის კრეფას აზრი არ აქვს, რადგან მავნებელს თითქმის არაფერი გადაურჩა.
"ხალხი საგონებელშია. 1 ჰა ფართობიდან 100 კგ თხილიც ვერ მივიღე, როცა ნორმალურ სეზონზე 1,5 ტონა მოსავალს მოვიწევდი. აქ შემოსავლის სხვა წყარო არ მოგვეპოვება, მთლიანად თხილსა და სიმინდზე ვართ დამოკიდებული. ერთიც და მეორეც განადგურდა. გამოდის, რომ შიმშილობა მოგვიწევს. გამოსავალიც რომ აღარ არის, ვის უნდა მივადგეთ, როცა ყველა ერთნაირად გასაჭირშია? აღარ გვაქვს ბოსტანიც - პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, ხილი, მწვანილი - ყველაფერი განადგურდა.
ვისაც პატრონი ჰყავს ან რამე თავშესაფარი მოეპოვება ენგურს გაღმა, აქედან უკვე წავიდა. ელემენტარულად, ბავშვების ქართულ სკოლაში მიყვანას მაინც შეძლებენ, სხვა პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ", - ამბობს გალელი გლეხი.
ადგილობრივების ინფორმაციით, პროდუქტი გალში, რომელიც ყოველ სეზონზე ისედაც ძვირი ღირს, წელს კატასტროფულად მაღალ ფასში იყიდება. ცალკე თემაა "საბაჟო გადასახადი", რომლის გადახდა გალელებს ტვირთის ტრანსპორტირებისთვის უწევთ.
მართალია, გასაყიდ-გადასატანი თხილი თითქმის არავის მოეპოვება, თუმცა ტარიფი მაინც ძალაშია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ყველაზე მაღალი გადასახადი სწორედ თხილს დაუწესდა. ახლაც 1 კგ პროდუქტის გადატანა 1 ლარი ღირს. სიმინდის შემთხვევაში, მოქალქეებს კილოგრამზე 0,80 ლარის გადახდა უწევთ. 1 ტომარა სასუქის შეტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 ლარი ჯდება, ხოლო 1 ტომარა შაქრის ტრანსპორტირების ხარჯი დაახლოებით 10 ლარს შეადგენს. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ტექნიკის გალში შეტანას, "ტარიფი" საქონლის სიდიდით განისაზღვრება და საშუალოდ 50-100 ლარის ფარგლებშია.
ეს მხოლოდ "ოფიციალური ციფრებია", რეალურად გაღმა გასატანი გალელებს არაფერი დარჩათ და არც სურსათის შემოტანის იმედი აქვთ. არანაკლები პრობლემაა ზუგდიდში, სადაც უახლოეს თვეებში პროდუქტის დეფიციტია მოსალოდნელი. შესაბამისად, პროდუქტის შეტანა გალში წელს ნაკლებად მოსალოდნელია.
რუსულ პროდუქტზე დამოკიდებულების სიმძიმე გალელებისთვის კარგად ცნობილი პრობლემაა. ისინი შიშობენ, რომ სურსათის ყიდვას ვერ შეძლებენ.
ოტობაიელი ვახტანგ გოგოხია იმაზე წუხს, რომ გალში დარჩენა აზრს კარგავს და ხალხს ელემენტარული ყოფითი პრობლემის მოგვარების საშუალებაც არ ექნება. ცალკე კრიმინოგენური ვითარებაც აშინებს, რაც ოკუპირებული რეგიონისთვის ნაცნობი პრობლემაა.
"ხალხი აქედან გაქცევას ცდილობს და არც არის გასაკვირი. თავის დროზე გავრისკეთ და დავრჩით. ფაქტობრივად, სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. მაშინ იმიტომ გავბედეთ, რომ გვინდოდა, საკუთარი შემოსავალი გაგვჩენოდა და გაჭირვებისთვის თავი დაგვეღწია. ამან გაამართლა, ახალი სახლებიც კი ავაშენეთ, წელში გავსწორდით და ახლა მავნებლების გამო ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა.
უკვე ვგრძნობ გაჭირვების მოახლოებას, ძველი სიმინდი გამომელია, ახალი ჯერ არ არის და არც ველოდები. მარაგის გაკეთებაზე საუბარიც ზედმეტია. ცოტა ხანში იმდენად გაძვირდება ყველაფერი, რომ პროდუქტის ყიდვას ვერავინ შეძლებს. ვშიშობ, კრიმინალიც იმძლავრებს. აქ დარჩენა აზრს დაკარგავს, მაგრამ თავშესაფარიც არსად მაქვს. გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდით", - ამბობს ვახტანგ გოგოხია.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"