სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატს გადასცემს, რომელსაც მოსახლეობას დაურიგებენ.
ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო მაისიდან ფართომასშტაბიან ღონისძიებებს ახორციელებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ.
“პირველი ეტაპი გულისხმობდა თხილის ფართობების დამუშავებას და მასშტაბური ღონისძიებები გატარდა. დამუშავდა დაახლოებით 53 ათასი ჰექტარი. ამის შემდეგ როდესაც მავნებელი გადავიდა სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, სააგენტო მთელი ძალებით ჩაერთო მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში”, - განაცხადა ნიკა მესხმა.
მისივე თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები ამ მომენტისთვისაც მიმდინარეობს, რომელშიც 40 ერთეულამდე ტექნიკა და ავიაციაცაა ჩართული.
ნიკა მესხის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში ასი ათასამდე ჰექტარი აქვთ დამუშავებული. მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, იმ ადგილებში, სადაც ღონისძიებები გატარდა, ეფექტი მაღალია. თუმცა, მნიშვნელოვანია ასევე მოსახლეობის ჩართულობაც.
“ჩვენ ამისთვის მოსახლეობას გადავცემთ პრეპარატს, რომელიც ყველაზე ეფექტურია ამ მავნებლის წინააღმდეგ და ისინი თავიანთი ძალებით ჩაერთვებიან ღონისძიებებში. ასევე აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობა მექანიკური ბრძოლის მეთოდითაც. მექანიკური ბრძოლის მეთოდი გამოიხატება ძალიან მარტივი კონსტრუქციის ყუთების დამზადებაში, სადაც ეს მავნებელი შედის და მექანიკურად უნდა განადგურდეს. ასევე სახლის პირობებში მის შეგროვებასა და დაწვაში”, - განაცხადა ნიკა მესხმა.
როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობას ასევე გადაეცემა ბროშურები, სადაც ახსნილი იქნება, თუ რა წესები უნდა დაიცვან პრეპარატის გამოყენებისას. ნიკა მესხის განმარტებით, აღნიშნული პრეპარატი “ბიფენტრილი” თურქული წარმოებისაა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მავნებლის გავრცელების გეოგრაფიის არეალი შარშანდელთან შედარებით არ გაზრდილა.
მავნებელი გავრცელებულია სამეგრელოს რეგიონში, გურიისა და იმერეთის ნაწილში.
მისივე ინფორმაციით, ფაროსანა სწრაფად მრავლდება, ერთი მავნებელი დაახლოებით 250 კვერცხს დებს და 300-მდე სახეობის მცენარით იკვებება.
“ერთი მავნებლის განადგურება მომავალი სეზონისთვის უზრუნველყოფს 20 ათასამდე და მეტი მავნებლის განადგურებას”, - განაცხადა ნიკა მესხმა.
ნიკა მესხის ინფორმაციით, ფაროსანას მიერ თხილის მოსავალზე მოტანილი ზიანი მხოლოდ 10 პროცენტამდე აღწევს. თხილის სხვა სოკოვანი ბაქტერიული დაავადებებიც არსებობს, რომელთა წინააღმდეგ აუცილებელია ფერმერების მიერ გატარდეს ღონისძიებები.