ფინანსთა სამინისტრო გახდა ფაქტობრივად, მევახშე - ჩვენგან იღებს ფულს და აძლევს კომერციულ ბანკებს , - ამის შესახებ დღევანდელ სესიაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძემ ფინანსთა სამინისტროს კომერციული ბანკების დაკრედიტების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
”ფინანსთა მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი კვლავ განაგრძობს ბანკების დაკრედიტებას. მარტივად რომ ვთქვათ, ბიუჯეტში აკუმულირებული ფული ხაზინის მეშვეობით გადადის კომერციულ ბანკებში. რა სჭირს კომერციულ ბანკს ისეთი, ბიუჯეტის სამოწყალებო ფული რომ არ აიღოს?! ფინანსთა სამინისტრო გახდა ფაქტობრივად მევახშე - ჩვენგან იღებს ფულს და აძლევს კომერციულ ბანკებს. 5 ივლისიდან მოყოლებული 2 თვის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს ნახევარი მილიონი ლარი ასესხა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ლარმა გაუფასურება. ვინაიდან მოკლევადიანი სესხებია, ეს თანხები უნდა დაბრუნდეს 5 ოქტომბრიდან, ხოლო მთლიანად მისი ამოღება მოხდება 2018 წლის იანვარში. ნაცვლად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრომ აღიაროს თავისი შეცდომა, იწყებს საკუთარი თავის გამართლებას და ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა შეწყვიტა ასეთი სახით კომერციული ბანკების დაფინანსებაო. ვაფრთხილებთ ფინანსთა სამინისტროს, შეწყვიტოს ეს ავანტიურისტული ქმედება”, - განაცხადა გოცირიძემ.