სექტემბრის ბოლოს თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საცალო და საბითუმო ვაჭრობის ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა” გაიხსნება.
ცენტრს "ჰუალინგ ჯგუფი" აშენებს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ცენტრი მთელ კავკასიაში საცალო და საბითუმო ვაჭრობის ცენტრი გახდება.
”ეს არის ახალი კონცეფციის უდიდესი სავაჭრო პლაზა მთელ საქართველოში. იგი მოიცავს როგორც ძირითად შენობას, რომელიც ნახევარი კმ-ის სიგრძის და 110 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისა, ასევე მის უკან მდებარე ერთსართულიან შენობებს და ე.წ. პავილიონებს”, - აცხადებდა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი თათია სიორიძე.
მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრი ე.წ. ერთი გაჩერების პრინციპის იქნება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს შეიძინოს ყველანაირი სახის პროდუქცია.
კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“ ჩინეთში 1988 წელს დაარსდა. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას; სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტების განხორციელებას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას. „ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და შემდეგი 8 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი; თბილისის ზღვის პლაზა; ახალგაზრდული ოლიმპიური სოფელი; ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი; სასტუმრო ფანდი; ჰუალინგის სასტუმრო ქუთაისში, ამასთამ, 2008 წელს „ჰუალინგ ჯგუფმა“ შეიძინა ხე-ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზია, რაც მოიცავს ყოველწლიურად 88 000 მ3 ხის დამზადების უფლებას. საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3 000-ს აღემატება.