პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე და ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება. შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება ”განსაკუთრებულ შემთხვევებზე”, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.
როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიღებული კანონით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი დაწესდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე შეჩერდა.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებების თანახმად, რომელიც დღეს პირველი მოსმენით მიიღეს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში წარმოეშობათ. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერსებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც საკითხის შესწავლის შემდგომ, საკითხს განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს.
პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია.