ბინის ქირაობის მსურველთა რაოდენობა ქვეყანაში არ შემცირებულა, უბრალოდ, ამ დამქირავებელთა უმრავლესობამ სააგენტოების მომსახურებაზე უარი განაცხადა და საცხოვრებელ ფართს ინდივიდუალურად ეძებს.
დილერების ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან ფინანსების დაზოგვით აიხსნება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ცენტრალურ უბნებში ერთოთახიანი ბინის ქირის ფასი ამჟამად 200-დან 400 დოლარამდეა, ხოლო გარეუბნებში ეს მაჩვენებელი 150-250 დოლარის ფარგლებშია, რაც საკმაოდ მაღალი ფასია.
უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ, შარშანდელთან შედარებით, დაქირავების მსურველთა მიმართვიანობა 80%-ით არის შემცირებული, თუმცა გასაქირავებელი ფართები საკმაოდ ბევრია. უძრავი ქონების სააგენტო "კიბის" დამფუძნებელი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ თბილისში ბინის დაქირავების მოთხოვნით მსურველები სააგენტოებს თითქმის აღარ აკითხავენ. ისინი ინდივიდუალურად ეძებენ საცხოვრებელ ფართს, რაც დამატებითი პრობლემაა სააგენტოებისთვის.
ამას გარდა, დილერები ვარაუდობენ, რომ უნივერსიტეტების სტუდენტები კომპანიების მომსახურებით სულ უფრო იშვიათად სარგებლობენ, რადგან უმაღლესი სასწავლებლები დამოუკიდებლად ცდილობენ თავიანთი სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფას ახალი სტუდქალაქების მეშვეობით. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ფართების გაქირავება ჭირს. ამ ეტაპზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად მეტროსადგურებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიმდებარე ტერიტორიებზეა შენარჩუნებული.
"დასაქირავებელი ბინების მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია. ამ მხრივ მძიმე სიტუაციაა სააგენტოებში. სტუდენტები ცდილობენ, რამდენიმემ ერთად იქირაოს ბინა, რადგან შედარებით იაფი დაუჯდეთ. ისინი დამოუკიდებლად ეძებენ საცხოვრებელს და დასახმარებლად არ მიმართავენ სააგენტოებს.
ამ და სხვა მიზეზების გამო, ბინის გაქირავებას ვეღარ ვახერხებთ. ადრე აგვისტოში ვერ ავუდიოდით მოთხოვნას, განსაკუთრებით - საბურთალოზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ. დაქირავებაზე მოთხოვნა, სტუდენტების მხრიდან, თითქმის აღარ არის. შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს თითქმის 80%-ით ჩამოვრჩით.
ბოლო დროს თვითონ უმაღლესი სასწავლებლები ცდილობენ, უზრუნველყონ სტუდენტები საცხოვრებლით, სტუდენტებს კი ისეთი ადგილი ურჩევნიათ, რომელიც უნივერსიტეტთან ახლოს იქნება და მგზავრობის თანხას დამატებით არ დახარჯავენ. ჩვენ ამ პროცესს, ფაქტობრივად, ჩამოგვაშორეს", - აცხადებს გოგუაძე.
ბინის ქირაობის ინდივიდუალურ მეთოდზე საუბრობს დილერი მანანა ფანცულაია. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, მსურველს, რომელიც ბინას ეძებს, იმდენი საშუალება აღარ აქვს, ცალკე მაკლერსაც აუნაზღაუროს თანხა და ამის გამო ინდივიდუალურად ეძებს საცხოვრებელს. ამით ისინი ფულს ზოგავენ.
"გასაქირავებელი ბინების რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივით, თუმცა ბოლო დროს მსურველთა რაოდენობამ იკლო. ადამიანს, რომელიც ბინას ქირაობს, იმდენი საშუალება აღარ აქვს, ცალკე მაკლერსაც აუნაზღაუროს თანხა და ამის გამო ინდივიდუალურად ეძებს საცხოვრებელს. ამით ფულს ზოგავენ და მათი მესმის კიდეც. ჩვენი მხრივ, ვერც სააგენტო იმუშავებს უფასოდ.
მომხმარებელთა უმრავლესობა ცდილობს, გარეუბნებში შედარებით დაბალ ფასად ან მეტროსადგურებთან ახლოს, ტრანსპორტის თანხის დაზოგვის მიზნით იპოვოს სასურველი ადგილი. ცენტრალურ უბნებში ერთოთახიანი ბინის დაქირავების ფასი, საშუალოდ, 200-დან 400 დოლარის ფარგლებშია, ხოლო გარეუბნებში ეს მაჩვენებელი 150-250 დოლარს უტოლდება. თუ სტუდენტები ქირაობენ ბინას, რამდენიმე ინაწილებს გადასახადს და შედარებით იაფი უჯდებათ. პრობლემას ის ადამიანები აწყდებიან, რომლებსაც მარტო უწევთ მთელი თვის გადასახადთან გამკლავება", - განუცხადა "რეზონანსს" ფანცულაიამ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"