საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, ასევე მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
„პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.
სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტებში. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.