გარევაჭრობაზე ნება არ დაგვირთავს - ასე ეხმაურება გლდანის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე ქუჩებში გარემოვაჭრეების დაბრუნების საკითხს. მისი თქმით, გაგეობას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოვაჭრეები მეტრო ”ახმეტელის” წინ ტერიტორიას კვლავ იკავებენ.
ორმოცაძის მტკიცებით, შესაბამისი სამსახურები ტერიტორიაზე მუდმვად მორიგეობენ.
„გარევაჭრობა არანაირად არაა დაშვებული. ალბათ გვიან ღამე გამოდიან. იქ შესაბამისი სამსახურები არიან, რომლებიც არ უშვებენ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გარემოვაჭრეები მათი წასვლის შემდეგ იყრიან თავს. 9-10 საათის შემდეგ მაინც შედიან. დღეს პირადად მე მივალ ადგილზე და ვნახავ. ამ ადამიანებს არაერთი გაფრთხილება აქვთ და მაინც ცდილობენ კანონი დაარღვიონ,“ - განგვიცხადა ორმოცაძემ.
მოგეხსენებათ, აღნიშნულ საკითხზე ”ბიზნესპრესნიუსმა” რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ უკვე ორი კვირაა, საღამოს საათებში მეტროს შესასვლელთან არსებული მოედანი და მიწისქვეშა გადასასვლელები კვლავ გარემოვაჭრეებმა დაიკავეს. ტერიტორიას ისინი არა მხოლოდ გვიან საღამოს, არამედ ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში არ ტოვებენ.