თიანეთი-ზარიძეების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის თიანეთი-ზარიძეების მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, თიანეთი-ზარიძეების საავტომობილო გზის საფარი დანამატებით გაუმჯობესებული მოდიფიცირებული ასფალტ-ბეტონის ნარევით მოეწყო.

საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გასული წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში 3 ხიდის რეაბილიტაცია, რკინა-ბეტონისა და გოფრირებული წყალგამტარი მილების, სანიაღვრე ქსელის, ლითონის მრუდხაზოვანი ძელებისა და სასიგნალო ბოძკინტების, ასევე, ტროტუარების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა.

ამ დროისათვის გზის დასუფთავების, ჰორიზონტალური მონიშვნისა და უსაფრთხოების ნიშნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.