ფრანგული კოსმეტიკური იმპერიის „ლორეალის“ მფლობელი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონი ლილიან ბეტანკური 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.
”ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, ბეტანკურის ქონება 40 მილიარდი დოლარი იყო. ლილიან ბეტანკურმა „ლორეალის“ საბჭო 2012 წელს დატოვა და მას შემდეგ იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. მოგვიანებით ექიმებმა მას ალცჰეიმერის დიაგნოზი დაუსვეს.
2010 წელს ლილიან ბეტანკური პოლიტიკური სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. საქმე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის კამპანიის დაფინანსებას ეხებოდა.
გამომძიებელთა თქმით, 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს სარკოზი დაფინანსებას ბეტანკურისგან იღებდა და ამას მოტყუების გზით აკეთებდა. თავად ნიკოლა სარკოზიმ ყველა ბრალდება უარყო. 2013 წელს საქმე დაიხურა.
ლილიან ბეტანკური 1922 წელს პარიზში, „ლორეალის" დამფუძნებლის ეჟენ შულერის ოჯახში დაიბადა. მან კორპორაციის მართვა 1957 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა. „ფორბსის“ მონაცემებით, ლილიან ბეტანკური მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის 14-ე ადგილს იკავებს.
იხილეთ აგრეთვე: 94 წლის ლილიან ბეტანკური მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალია