რა ღირს სახლის მშენებლობა თბილისსა და მის შემოგარენში?

მშენებლობის დაწყებას ძალიან ბევრი სირთულე და უამრავი ნიუანსი ახლავს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.

რა ჯდება ჩვენს პირობებში კერძო სახლის მშენებლობა და რა სჯობს - აშენება თუ აშენებულის ყიდვა? - ეს კითხვები ბევრ ადამიანს აწუხებს. კომპანია „ეი ჯი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელი, უძრავი ქონების სფეროს ექსპერტი - შოთა გუჯაბიძე მიიჩნევს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებელი კარგად უნდა დაფიქრდეს.

"ადამიანის არჩევანს მისი გემოვნება და ცხოვრების სტილი განსაზღვრავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მისი მატერიალური და სოციალური მდგომარეობაა. ერთი შეხედვით, კერძო სახლის აშენება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა საკითხი ასე დგას: ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ უბნებში კერძო სახლისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები ძალიან ძვირი ღირს. ვაკეში მაგალითად, თითქმის არ არის დარჩენილი კერძო სახლისთვის შესაფერისი ადგილები. რაც შეეხება თბილისის შემოგარენს და გარეუბნებს, იქ არის მიწის ნაკვეთები, რომლის შეძენაც იაფად შეიძლება. თუ გამოცდილ კომპანიას დაიქირავებთ, შეძლებთ მისაღებ ფასად ნორმალური სახლი, ან აგარაკი აიშენოთ", - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

ექსპერტის თქმით, პოტენციურმა დამკვეთმა ჯერ მიწის შეძენაზე უნდა იზრუნოს, რომლის ფასი ქალაქის სხვადასხვა უბანში განსხვავებულია.

"თუ გლდანში, ან მუხიანში შეიძენთ მიწის ნაკვეთს, უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე დიღომში, სადაც 1 კვ. მეტრი მიწის ფასი ზოგჯერ 80-100 დოლარსაც აჭარბებს, ხოლო გლდანის, მუხიანის, ფონიჭალის დასახლებისკენ, ან ჯიქიას ქუჩის ბოლოში 1 კვ.მ. მიწა შეიძლება 40-50 დოლარადაც შეიძინოთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომელ კომპანიას მიანდობს კლიენტი ამ სამუშაოს, თორემ შეიძლება თქვენი სახლი ისეთი ბრიგადის ხელში აღმოჩნდეს, რომელიც უხარისხოდ აშენებს და სამშენებლო მასალის ხარჯზე აკეთებს ეკონომიას. ჩვენთან არის მენაშენეთა ჯგუფები, რომლებიც სიიაფეს სწორედ ხარისხის ხარჯზე აღწევენ. მასალის ეკონომიის გამო კი შენობა შეიძლება დაიბზაროს, ან დანესტიანდეს. ნორმალური, კარგი ხარისხის და მოცულობის სახლი საშუალოდ 40-50 ათასი დოლარის ექვივალენტი მაინც ჯდება ლარში. არის შემთხვევები, როცა 60 კვ.მ-მდე კერძო სახლის მშენებლობა, რომლის პროექტსაც მხოლოდ მერიის ნებართვა სჭირდება, 25-დან 30 ათას დოლარამდე ჯდება, რა თქმა უნდა, გარეუბნებში. აქ შედის მიწის ნაკვეთის ფასი, მშენებლობა, რემონტი და სამშენებლო კომპანიის გასტუმრება. საბოლოოდ, მაინც ყველაფერი მოხმარებლის მსყიდველობით უნარიანობაზეა დამოკიდებული: თუ ოჯახს საშუალება აქვს, უფრო დიდ სახლს აიშენებს, უფრო მაღალი ხარისხის მასალით და დიდი ეზოთი. ხოლო თუ პატარა, 60 კვ. მეტრი სახლის აშენებას გადაწყვეტს, მცირე მიწის ნაკვეთით, მაშინ შეიძლება 25-30 ათასი დოლარის ფარგლებშიც ჩაეტიოს", - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

კომპანიის ხელმძღვანელის შეფასებით, თუ ადამიანი 27-28 ათასი დოლარით შეიძენს 50 კვ.მ. ბინას მაგალითად, დიდ დიღომში, ოღონდ თეთრი კარკასის მდგომარეობაში, ამავე ფასად მიწასაც იყიდის და 60 კვ.მ. ფართობის სახლს შეიძენს კიდეც და გაარემონტებს. სულ სხვა სიტუაციაა პრესტიჟულ უბნებში, სადაც კორპუსის ბინა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე კერძო სახლის აშენება. გარეუბნებში კი, ფასები ერთმანეთს უტოლდება და ყველაფერი მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული.

სამშენებლო კომპანია „ლავა ბიზნესის“ დირექტორი ვახტანგ ლაღიძე მიიჩნევს,  რომ მშენებლობა რეგიონებში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე დედაქალაქში.

"რეგიონებში მასალის ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება, რაც მშენებლობას უფრო აძვირებს. მაგალითად, სვანეთში, ან ყაზბეგში მშენებლობა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე დედაქალაქში. ამიტომ, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ თბილისისგან შორს აგარაკის, ან სახლის აშენება უფრო ძვირი დაუჯდება, თუმცა, სახლის მოცულობასაც გააჩნია.  რაც შეეხება კითხვას - კორპუსის ბინა ვიყიდოთ, თუ კერძო სახლი? - ეს გემოვნების საკითხია. მე მაგალითად, სახლს ვამჯობინებდი, თანაც მირჩევნია ჩემი მეთვალყურეობით ავაშენო, სახლის პროექტი და ყველაფერი ჩემი სურვილის მიხედვით გაკეთდეს. მით უმეტეს, რომ დაკვეთით სახლის აშენება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე უკვე აშენებული სახლის ყიდვა“, - აცხადებს ვახტანგ ლაღიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე