იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების ზრდის გამო საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა. ფასების ზრდა კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია , - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2017 წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და 281 ლარი შეადგინა.
“იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების ზრდის გამო საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა. ფასების ზრდა კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ხელისუფლებისა, რომელიც თავად პრემიებსა და დანამატებს არ იკლებს, ხოლო როცა საქმე პენსიების ზრდასა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიდგება, ამისთვის ბიუჯეტში სახსრებს ვერ პოულობს”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, საარსებო მინიმუმის ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, რომელმაც იმავე პერიოდში 5.7% შეადგინა.
”ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 11,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა საკვებ პროდუქტებსაც. გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგი იქნება ინფლაციისთვის. საგანგაშოა, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც”, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში წინსვლა ვერ იქნება.
”მხოლოდ 3.8%-იანი ზრდა ივლისში იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შექმნა,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის თქმით, „ქართული ოცნების” დაპირებული სწრაფი განვითარება იმაში გამოიხატება, რომ საგარეო ვაჭრობაში 2013 წლის დონეზე ვართ, ხოლო კეთილდღეობის ნაცვლად სახეზეა ცხოვრების გაძვირება.
”სამწუხაროდ, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა.
გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.