სკოლებში დეკემბრიდან, შესაძლოა, ვაშლები აღარ შეიტანონ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის კოორდინატორმა მაია მუშკუდიანმა განაცხადა.
მუშკუდიანის ინფორმაციით, ამჟამად პროექტის დახვეწისთვის სამუშაოები მიმდინარეობს და, შესაძლოა, ვაშლების კომპონენტი სხვა კომპონენტით ჩანაცვლდეს.
როგორც მუშკუდიანი აცხადებს, ვაშლებს სკოლებში დეკემბრის ჩათვლით შეიტანენ, შემდეგ გაგრძელდება თუ არა ამ კომპონენტის შეტანა, ვერ აკონკრეტებს.
”ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით დაწყებული კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტია ვაშლების სკოლებში შეტანა და ემსახურება ბავშვების ცნობიერების ამაღლებას, რით უნდა იკვებონ, რა არის ჯანსაღი საკვები და ა.შ. გამოხმაურება კარგია, რადგან ბავშვები და მშობლები კითხულობენ, მათ სკოლაში თუ იქნება ვაშლები, ან როდის შევიტანთ. ვფიქრობთ, ამ კამპანიას დადებითი შედეგი ექნება, თუმცა ეს არის მხოლოდ ნაწილი და ეს კამპანია სხვადასხვა კომპონენტებით უნდა შეივსოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება ისევ ვაშლი იყოს. შესაძლოა, სხვა ფორმა იყოს. აქ არ იგულისხმება პროდუქტი. ის, რომ ატამი შევა სკოლაში, არ მითქვამს, არასწორად გაიგეს ჟურნალისტებმა. აღვნიშნე, რომ შესაძლოა, ეს იყოს ვაშლი, ატამი ან სხვა რამე-თქო. მაგრამ ჯერჯერობით ეს არ არის დადგენილი. შესაძლოა, სპორტული ელემენტებით შეივსოს პროექტი, შეიძლება რაიმე წამახალისებელი აქცია იყოს; შეიძლება კონკურსი და ა.შ.
რა უნდა შევიდეს ვაშლის შემდეგ სკოლაში, ჩვენ ამაზე არ ვმუშაობთ, ჩვენ ვმუშაობთ კომპლექსურად კამპანიაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ბავშვებმა ჯანსაღ საკვებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისევ რაიმე პროდუქტს შევიტანთ სკოლაში”, - აცხადებს მუშკუდიანი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით სამინისტრომ არ იცის, რა კომპონენტებით შეიძლება შეივსოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით დაწყებული კამპანია, ან როდის დასრულდება საბოლოო პროექტზე მუშაობა.
”ჯერჯერობით სამუშაოები მიმდინარეობს და ეს არ ვიცით. ვგეგმავთ ღონისძიებებს, აქციებს და წინასწარ თუ ვიტყვით, ეს ბავშვებისთვის საინტერესო არ იქნება. ჯანსაღი ცხოვრების კამპანია დეკემბრამდე გაგრძელდება და მომავალ წელსაც იქნება.
დეკემბრამდე გაგრძელდება კონკრეტულად ვაშლების კომპონენტიც. არ ვიცით, დეკემბრის შემდეგ იქნება თუ არა ეს კომპონენტი ამ პროგრამაში, ამას წინასწარ ვერ ვიტყვით. წინასწარ ვერ დაგიდასტურებთ ვერც ამ აქციის შეწყვეტას და ვერც გაგრძელებას. ვნახოთ რა შედეგს გვაჩვენებს, როგორ წავა პროექტი და ა.შ. შეიძლება სხვა კომპონენტებით ჩავანაცვლოთ, შეიძლება უკეთესი კომპონენტი მოვიფიქროთ, ვნახოთ. დღეს გაიხსნა ტენდერი, პროცედურა მუშავდება და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ გავარკვევთ ყველა დეტალს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” მაია მუშკუდიანმა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში, ვაშლები სკოლებში ოქტომბრიდან, კვირაში ერთხელ დარიგდება. პროგრამის ფარგლებში 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი გუშინ დასრულდა. კომპანიამ 10 სკოლის ვაშლით მომარაგებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 69 940 ლარი შესთავაზა.