სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა 4 თბოელექტროსადგურისთვის 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების შემცირების მთავარ მიზეზად ვალუტის კურსს ასახელებს.
როგორც ირინა მილორავამ განმარტა, დღეს კომისიამ იმსჯელა გარანტირებული სიმძლავრის წყაროების ანუ თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფზე, რომელიც ძალაში იქნება 2017 წლის ბოლომდე.
"როდესაც ჩვენ ამ სადგურებისთვის დავადგინეთ ტარიფები 2016 წლის დეკემბრში, ტარიფში გავითვალისწინეთ კურსი 2.78 ლარის დონეზე, შესაბამისად, ეს კურსი დღესდღეობით არ გაქვს, ამიტომ ბუნებრივია, უნდა განხორციელებულიყო კორექტირება. კორექტირების მოთხოვნით ჩვენ 4-ვე თბოელექტროსადგურმა მოგვმართა აგვისტოში და დღეს შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება. სემეკის გადაწყვეტილებით ოთხივე თბოელექტროსადგურისთვის ტარიფები შემცირებულია - მაქსიმალური შემცირება 4 თეთრია, ხოლო მინიმალური ერთ თეთრამდე. შესაბამისად, ამ შემცირებული ტარიფით თბოელექტროსადგურები ელექტროენერგიას მიაწვდიან ელექტროსისტემას წლის ბოლომდე", - განაცხადა მილორავამ.
კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა დღეს მიღებული გადაწყვეტილება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე, ირინა მილორავას განცხადებით, ყველა კორექტირება, რასაც სემეკი ახორციელებს, ასევე ყველა ტარიფი, რომელსაც კომისია ადგენს, ბუნებრივია, მოქმედებს სამომხმარებლო ტარიფზე.
,,როდის მოხდება ეს კორექტირების ასახვა სამომხმარებლო ტარიფზე, ეს მეთოდოლოგიით ძალიან ცხადადაა განსაზღვრული, შესაბამისად, ჩვენ როდესაც დავადგენთ სამომხმარებლო ტარიფებს, აუცილებლად გავაკეთებთ აქცენტებს, მოქმედებს თუ არა კორექტირებული ნაწილი იმ კონკრეტულ შემთხვევაში სამომხმარებლო ტარიფზე", - განაცხადა ირინა მილორავამ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე სემეკმა დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება თბოელექტროსადგურებისთვის 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით. მილორავას განცხადებით, ამ შემთხვევაში კომისიას აქვს ვადა 2017 წლის დეკემბრამდე და შესაბამისად, წლის ბოლოს დადგენილი ტარიფები მიიღებენ მონაწილეობას 2018 წლის სამომხმარებლო ტარიფის ფორმირებაში.