ღვინის ექსპერტების აზრით, ქართული მეღვინეობის ყველაზე სუსტი წერტილი ცუდად მოვლილი ვენახებია.
ვენახების ცუდად მოვლა კი საქართველოში იწყება იმით, რომ ადამიანი როდესაც აშენებს ვენახს, თითქმის არასოდეს აკეთებს ნიადაგის ანალიზს, რადგან ვენახის გამშენებელთა დიდ ნაწილს არა აქვს სათანადო ცოდნა, თუ რა საფეხურები უსწრებს წინ ვენახის გაშენებას. უბრალოდ ყიდულობენ ნერგს, რგავენ, აკეთებენ პლანტაჟს და ჰგონიათ, რომ ვენახი უკვე გაშენებულია. არადა, სათანადო შესწავლისა და ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების გარეშე (ვენახის მოთხოვებთან შესაბამისობაში რომ მოვიდეს) ვენახის გაშენება უბრალოდ არასწორია. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთების შანსი მევენახეს აქვს ერთადერთხელ - ვენახის გაშენების წინ. წლების მერე, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს პრობლემებს, ხვდება, რომ თურმე ნიადაგში რაღაცა არ არის წესრიგში, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიანია.
ერთი ჰექტარი ვენახის გაშენება ჯდება დაახლოებით 15 ათასი ამერიკული დოლარი და როდესაც ქართველი მევენახე ამხელა ინვესტიციას დებს, აუცილებელია, რომ ყველაფერი სწორად დაგეგმოს და განახორციელოს. ვენახის გაშენების მეორე ეტაპზე არსებობს უკვე სხვა დიდი რისკი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხშირად არაა ხოლმე გათვალისწინებული და ესეც იმის ბრალია, რომ არცთუ ბევრი კარგი და მცოდნე მევენახე გვყავს. საუბარია ვენახების გაშენებაზე საკუთარ საძირეზე. ბევრი მევენახე უბრალოდ არ ირთულებს საქმეს და ე.წ. ამერიკული საძირის ნაცვლად, ვენახს თავის ბუნებრივ საძირეზე აშენებს, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თავიდანვე დიდი შეცდომაა და დიდი საფრთხის შემცველიცაა (სხვათა შორის ეს ევროპაში აკრძალიულია). რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ საკუთარ ფესვზე ვაზი თავისი ჯიშურობის გამოვლინებას 100%-ით ახდენს, რაც ძალიან კარგია, თუმცა დაავადებების მიმართ ასეთი ვაზი გამძლე საერთოდ არაა და ერთ დღეს მევენახემ ასე გაშენებული მთელი ვენახი შეიძლება უბრალოდ დაკარგოს. თავის დროზე საქართველოში არსებობდა 10-ზე მეტი ქართული საძირე ჯიში, რომლებიც შეტანილი იყო სორტიმენტში. ნიადაგის თავისებურებიდან გამომდინარე, საძირე ხშირად გადამწყვეტია ხოლმე. არასწორ საძირეზე დამყნობილი ვაზი შეიძლება აღმოჩნდეს სავალალო მდგომარეობაში.
ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მევენახეების დიდი ნაწილი უბრალოდ ემპირიული ცოდნით საზრდოობს და საერთოდ არ ითვალისწნებს, რამდენად რეალურია ვაზის მოყინვის საფრთხეები, ტენიანობა, ვაზის რიგების ექსპოზიცია (რომელ მხარეს უნდა იყოს ვაზი მიმართული, მაგალითად: სამხრეთისაკენ თუ აღმოსავლეთისაკენ) და სხვა… როგორც წესი, ამ ყველაფერის ანალიზიც არ კეთდება.
პრობლემებია მეღვინეობის ინდუსტრიის მეორე მიმართულებაში - ღვინის წარმოებაშიც. ღვინის წარმოების კუთხით საქართველოში საკმაოდ დიდი ტრადიციები არსებობდა. მეღვინეობა ისწავლებოდა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში და ამან განაპირობა ის, რომ კარგი მევენახეების დეფიციტის ფონზე, დღეს საკმაოდ ბევრი კარგი მეღვინე გვყავს. თუმცა დასადგენია, ღვინის წარმოებაში რა საჭიროებები და მოვალეობები არსებობს.
პრობლემების თავი და თავი ისაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ დაინერგა მევენახე-მეღვინის სახელობო განათლება. ამ მიმართულებით დიდი ხანია მუდმივად მსჯელობენ. ერთი შეხედვით შეიცვალა მიდგომებიც, მაგრამ სახელობო განათლების მოდელზეც კი ვერ შეჯერდნენ. ამ 6- წლის წინ საქართველოში მეღვინეობის გერმანული მოდელის დანერგვა დაიწყო, თუმცა სამი წლის წინ გადაწყდა, რომ ზოგადად ქართული განათლების სისტემისთვის გერმანული მოდელი შეუფერებელია (რადგან მთელი ღვინის განათლების სისტემა მხოლოდ მევენახე-მეღვინის ინტერესებზე იყო მორგებული) და ქვეყანა გადავიდა შოტლანდიურ სისტემაზე, სადაც მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით და მევენახე-მეღვინე საერთოდ მეორე ხარსხოვანი გახდა. იხილეთ გაგრძელება