როგორი იქნება განახლებული კაცხის სვეტი - ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა (+ფოტო)

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე კაცხის სვეტთან ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა.

ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ განუცხადეს.

ფონდის ცნობით, კაცხის სვეტის მიმდებარედ ტერიტორიის მოწყობის მიზნით, 2 მიმდინარე და 1 დაგეგმილი პროექტია. დაგეგმილი პროექტი კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობას ითვალისწინებს.

bpn

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 539 592 ლარია. წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია ნათქვამი, საპროექტო შენობაში განსაზღვრულია ვიზიტორთა სივრცის მოწყობა, მამათა საცხოვრებელი, სატრაპეზო, სამეურნეო დანიშნულების სათავსები, საეპისკოპოსო მისაღები და მცირე სასტუმრო ოთახები. 

„რეკონსტრუქციის შედეგად სამონასტრო კომპლექსში არსებული, მომლოცველთა შენობის სართულიანობა შენარჩუნდება.

bpn

პროექტი ითვალისწინებს მონასტერში არსებული ერთსართულისანი (სარდაფით) და ორსართულიანი შენობების გაერთიანებას. საპროექტო შენობის პირველ სართულზე, ეზოს მხრიდან, განთავსებულია ერთიანი ღია ტურისტული სივრცე საეკლესიო მაღაზიითა და დამხმარე სათავსოთი. ამავე დონეზეა განთავსებული მამათა საცხოვრებელი, დამოუკიდებელი შესასვლელითა და უკანა ეზოს მხარეს აივნით. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს მონასტრის ეზოს მოპირკეთებას ფლეთილი კირქვის ბილიკებით და ეზოს სამხრეთით გალავნის განახლებას არსებული ყორე ქვის ღობის პერიმეტრზე. გალავანშივე იქნება განთავსებული მცირე საფეხმავლო კარიბჭე ისტორიული პილიგრიმული საფეხმავლო ბილიკის მიმართულებით,“ - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, ტერიტორიაზე ასევე იგეგმება კაცხის და უბისის მონასტრების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები და კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა.

bpn bpn