მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინოვაციების ცენტრი ჩინეთის დედაქალაქში მდებარეობს.
ის პეკინში, ინოვაციების ქუჩაზე განლაგებული შენობებისგან შედგება. ინოვაციების ცენტრს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ჩინეთის საელჩოსა და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში, ქართული მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ, მათ შორის, "პალიტრა მედიის" ჟურნალისტიც იმყოფებოდა. როგორც ინოვაციების ცენტრში განაცხადეს, არსებობის 3 წლის განმავლობაში 1900 სტატრაპი დაფინანსდა, მათგან 222 უცხოური კომპანია იყო. დაფინანსებული სტარტაპებიდან 743 ანუ 39% წარმატებული კომპანია გახდა.
ერთ-ერთ მაგალითად, ინოვაციების ცენტრში კომპანია inwow technology-ის ასახელებენ, რომლის არსებობაც 2 წელს ითვლის. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლი ბინგი ამბობს, რომ მისი სტარტაპის საშუალებით, ადამიანები შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით უკავშირდებიან საბეჭდ დანადგარს, რომლებიც ბევრ ადგილას, მათ შორის, კაფეებსა და სავაჭრო ცენტრებშია განთავსებული და შეუძლიათ, რომ დაბეჭდონ ნებისმიერი რამ. ქართული მედიის წარმომადგებლებმა ერთ-ერთ შენობაში განთავსებული საჩვენებელი ოთახი დაათვალიერეს, სადაც სტარტაპების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნივთია გამოფენილი. მათ შორის, საბავშვო რობოტები, რომლებიც ამა თუ იმ ასაკის ბავშვებზეა გათვლილი და მათ ინგლისურ ენასაც ასწავლის. შოურუმშია მაგიდა, რომლის სიმაღლის დარეგულირება ადამიანს საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია. ასევე კარის საკეტი, რომლის მართვაც მობილურის სპეციალური აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი.
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ინოვაციების ქუჩაზე აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა და მათი კარი ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა, ვისაც საინტერესო და ინოვაციური იდეები აქვს.