წლევანდელი წელი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა, სადაც ჩინეთში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
მისი განცხადებით, ის ღონისძიებები, რომლებშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო, ქართული კომპანიებისთვის, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.
„ჩვენ გახლდით მსოფლიოში ყველაზე დიდ საინვესტიციო-სავაჭრო გამოფენაზე, სადაც საქართველო იყო წარმოდგენილი, როგორც საპატიო მასპინძელი ქვეყანა. ჩვენ გვქონდა ყველაზე დიდი პავილიონი, სადაც წარმოდგენილი იყო 120 ქართული კომპანია და ძალიან მნიშვნელოვანია ის კონტრაქტები, რომლებიც მათ გააფორმეს ჩინელ კოლეგებთან ერთად. ამ გამოფენის ფარგლებში, ასევე გაიმართა ფორუმი, სადაც საქართველოს სხვადასხვა ენერგეტიკული და ლოგისტიკური პროექტების პრეზენტაციები გაიმართა. ზოგადად, წლევანდელი წელი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე შეაფასა ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონების განვითარების კუთხით.
მისი განცხადებით, საქართველოს დელეგაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შანხაის მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს თავისუფალ სავაჭრო ზონაში სტუმრობა და იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც მათ გააჩნიათ.
„მოგეხსენებათ, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ასევე გავაფორმეთ მემორანდუმი ჩინურ კომპანია CEFC-თან, რომელსაც გადავცემთ ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-ს და იქ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ფოთის თიზ-ში მეწილედ რჩება სახელმწიფოც და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოდელის, იმ გამოცდილების გაზიარება, რომლებიც ჩვენს ჩინელ კოლეგებს თავისუფალი სავაჭრო-ინდუსტრიული ზონების მართვის კუთხით გააჩნიათ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში უკვე არის წარმოდგენილი რამდენიმე ქართული კომპანია, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ამ უდიდეს სავაჭრო ზონაში გაიხსნას ქართული პროდუქციის შოურუმი, თუნდაც „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია გვქონდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის დიდ ქალაქებთან, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
„ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა ბევრი ევროპული ქვეყნის ოცნებაა, ამ მიმართულებით ჩვენ პირველი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ პირდაპირ ფრენებზე მსხვილ ჩინურ ქალაქებთან. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მაგალითად, სიემენის ავიახაზებთან და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მათ დაინტერესებას, დაიწყონ საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელება“, - აღნიშნა მინისტრმა.