მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს , - ამის შესახებ "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ.
როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. პირველი დელეგაცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებისგან შედგებოდა როგორც პარლამენტიდან, ასევე აღმასრულებელი სტრუქტურიდან, მეორე დელეგაცია იყო საპარტნიორო ფონდის და მესამე - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის. საგანელიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როგორც ოფიციალურ უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნესწრეებთან.
საგანელიძის განცხადებით, ქართული მხარე ასევე ცდილობს, რომ ჩინელი ინვესტორები დააინტერესოს ორი დიდი პროექტით, როგორიცაა რაჭისა და წყალტუბოს განვითარების პროექტები, რასთან დაკავშირებითაც ვიზიტის ფარგლებში მათ საპარტნიორო ფონდმა სპეციალურად მომზადებული ვიდეოკლიპები აჩვენა.
,,გაწეული მუშაობის რეალური შედეგები, რომელსაც ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება, საპარტნიორო ფონდი, ბიზნესწრეები აწარმოებენ, საქართველოში უკვე არსებობს. ჩვენ ჩინელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე პროექტი უკვე გვაქვს დაფინანსებული, დაწყებული, თუმცა ბევრი თემაა კიდევ ისეთი, რომელიც დეტალურ შესწავლას მოითხოვს. ის, რომ ალბათ, კვირა არ გავა, რომელიმე მსხვილი კომპანია საქართველოს არ ესტუმროს, ის, რომ ჩვენ შანხაის ნომერ პირველ კომპანიასთან გავაფორმეთ ერთობლივი ფონდი, რომელიც საქართველოში განახორციელებს ინვესტიციებს - ეს არის ძალიან დიდი შედეგი. ასევე დიდი შედეგია ის, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ გააკეთა განაცხადი, რომ შეისყიდოს და განავითაროს დიდი წარმოება ფოთის თავისუფალ ზონაში. ის, რომ უკვე ღვინის თემაზე რამდენიმე ათეული ცენტრი შეიქმნა, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე საუბარია იმაზე, რომ მომავალ წლებში საქართველოს მიმართულებით გაიზარდოს ტურისების ნაკადები. ჩინეთი არ არის ის ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილება ერთ კაბინეტში, ერთ დღეში შეიძლება მოხდეს. აქ გადაწყვეტილება მწიფდება, თანხმდება რაღაც ბიუროკრატიულ საფეხურებზე საკმაოდ ნელა, თუმცა ამას იმხელა პოტენციალი გააჩნია, რომ თუ ერთი დაიძრა, შემდეგომ ეს ძალიან დიდი მასშტაბებს აღწევს. ვფიქრობ, რომ ყოველ თვე თუ არა ყოველ სამ თვეში ერთხელ ნახავთ ახალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში სერიოზულ ინვესტიციას განახროციელებენ და ჩანს კიდეც", - განაცხადა საგანელიძემ.
კითხვაზე, რამდენად არის იმის პერსპექტივა, რომ ჩინეთი საქართველოს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდეს, დავით საგანელიძემ ეს არ გამორიცხა იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო წლებში არსებობს საქართველო- ჩინეთის თუნდაც სავაჭრო ბრუნვის კუთხით.
,,ჩინეთმა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის უკვე მესამე ადგილი დაიმკვიდრა და განვითარებით ყველას უსწრებს. შესაბამისად, მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, რომლის ბაზარი უსაზღვროა, ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს. მე ამას უფრო სხვა კუთხით შევხედავდი, ჩვენ დღეს ექსპორტ-იმპორტის სალდო უარყოფით გვაქვს, ალბათ, გათანაბრება გაგვიჭირდება, მაგრამ ექსპორტზე ბევრი უნდა ვიფიქროთ. საქართველოში არსებობს ბევრი ისეთი პროდუქცია, რომლითაც დღეს ჩინური მხარე ინტერესდება და შესაბამისად, ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო", - განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, ჩინური მხარეც საქართველოს სახით ხედავს ქვეყანას, სადაც ბრწყინვალე საინვესტიციო გარემოა, ქვეყანას კორუფციის გარეშეა და ასევე აქვს შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც დიდი პროექტებისთვის ძალიან საინტერესოა.
,,საქართველოში დროის მოკლე პერიოდში შეიძლება ტვირთების შემოტანა, ჩვენი ქვეყანა კი მართლაც კარიბჭეა ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნიდან ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში გასვლა მათთვის იოლია. ამ ყველაფერს სწორი გამოყენება სჭირდება. მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ნამდვილად წარმატებულია", - განაცხადა საგანელიძემ.