პეკინში, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ 2017 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.
საქართველოში ჩინეთის საელჩოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, და საერთაშოროსო მედიაჰოლდინგის საქართველოს წარმომადგენლობის Gbtimes Georgia-ს ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში არსებულ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს ქართველი ჟურნალისტები ესტუმრნენ, მათ შორის,“ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტიც იმყოფებოდა.
ჩინეთის საკვებისა და ფერმენტული ინდუსტრიის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა იუთუნგ (ადამ) ხუანგმა და მისმა თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ღვინის პოპულარიზაციის ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც იუთუნგ (ადამ) ხუანგმა აღნიშნა, მისი ორგანიზაცია 60 წელია არსებობს და საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. რაც შეეხება ღვინის პოპულარიზაციის ცენტრს, ხუანგის განცხადებით, ის ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, 2012 წელს დაარსდა და მას ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერა აქვს. როგორც ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ ჩინეთში მედიის საშუალებით ქართულ ღვინოს პოპულარიზაცია გაუწიონ. ამასთან, 2015 წელს შეიქმნა ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც საზოგადოებას ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციას იგებს. გარდა ამისა, 2015 და 2016 წელს ქართული ღვინის შესახებ ჩინურ ენაზე ორი წიგნი გამოიცა. ასევე ჩინურად ითარგმნა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ბროშურები, ქართული ღვინის შესახებ იბეჭდება სტატიები ჩინურ გაზეთებში. გარდა ამისა, ტარდება პრესკონფერენციები, ტრენინგები, მასტერკლასები, გამოფენები და დეგუსტაცია და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ღვინის მოყვარულებისთვის, ბიზმესმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, რათა მათ ქართული ღვინის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
“ჩვენ ქართულ ღვინოს არ აღვიქვამთ როგორც ინდუსტრიულ პროდუქტს, რამაც ქართულ ღვინოში მიგვიზიდა არის მისი კულტურა. როდესაც ქართულ ღვინოს ვინმეს ვაცნობთ, ვამბობთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ინდუსტრიული ნაწარმი, არამედ ეს არის ისტორია”, - განაცხადა იუთუნგ (ადამ) ხუანგმა.
როგორც ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოდან ჩინეთში ღვინის ექსპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან გაიზარდა. ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, თანამშრომლობის პირველი ეტაპი წარმატებული გამოდგა - ქართველი ბიზნესმენები და ღვინის კომპანები სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან ჩინური ბაზრით და პირიქით, ჩინელი ბიზნესმენები - ქართული ბაზრით.
მისივე თქმით, ასევე დიდი სტიმულია საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რაც სავაჭრო ბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს.
ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, ბოლო წლების სტატისტიკით, 2015 წელს საქართველოდან ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 2 850 000 ბოთლი, ხოლო 2016 წელს - 5 300 000 ბოთლი შეადგინა.
ამ ეტაპზე ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარის 1% უჭირავს, თუმცა ცენტრში მიიჩნევენ, რომ ეს მაჩვენებელი დიდი მიღწევაა. რაც შეეხება ქართული ღვინის გაყიდვების დღიურ ოდენობას, ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეში საშუალოდ, 14 000 ბოთლი იყიდება. ღვინის პოპულარიზაციის ცენტრში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას პროგნოზირებენ და ფიქრობენ, რომ მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 10 მილიონ ბოთლს გადააჭარბებს.