ფოთის საკრებულოს წევრმა და მისმა თანამზრახველებმა სახელმწიფო ბიუჯეტი 270 ათასი ლარით აზარალეს

ფოთის საკრებულოს წევრისა და მისი თანამზრახველებისგან ამოღებული უაქციზო სიგარეტის ოფიციალურ სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი 270 000 ლარზე მეტი თანხით შეივსებოდა , - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა განაცხადა.

საგამოძიებო უწყება უაქციზო სიგარეტების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ფოთის საკრებულოს წევრსა და კიდევ სამ პირთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტეს, დაკავებული 4 პირიდან მხოლოდ ერთი იყო საჯარო მოხელე.

„გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენდნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს - მიუღებელი გადასახადების სახით, ასევე ბიზნესსექტორს, კერძოდ, აღნიშნული ბიზნესით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უცხოური წარმოების 160 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 416 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული რაოდენობის სიგარეტის ოფიციალურ სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტი 270 000 ლარზე მეტი თანხით შეივსებოდა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე“, - აღნიშნა თორნიკე ბიბილეიშვილმა.