წაღვერში ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს, ადგილზე თურქულ ვერტმფრენებსაც ელოდებიან

წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესი ავიაციამ დილიდან განაახლა.

ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს. უახლოეს წუთებში ცეცხლის ქრობის პროცესში ორი თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის ყველა კერასთან მძიმე ტექნიკის საშუალებით გზები გაყვანილია და ცეცხლის ქრობის პროცესი ინტენსიურად გრძელდება.