სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 230 ათას ლიტრ პრეპარატს და ფერომონებს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) გადასცემს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებისთვის პრეპარატების გადაცემა ეტაპობრივად მიმდინარეობს და მისი მოსახლეობისთვის დარიგების პროცესიც უკვე დაიწყო. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო, ერთ ოჯახს, ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოდ გადასცემს. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას ურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას ასევე მიეწოდება საინფორმაციო მასალები (http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6545.pdf).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაცემული პრეპარატის მოსახლეობისთვის დარიგებას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად პრეპრატების გადაცემის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებში.
“აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ტემპერატურის დაცემასთან ერთად მავნებელი საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. სახელმწიფო აგრძელებს ღონისძიებებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად. თუმცა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის განსაკუთრებული ჩართულობა და როგორც საკარმიდამო ნაკვეთების ქიმიური დამუშავება, ასევე მექანიკური ღონისძიებების ჩატარება. კომპლექსური მიდგომით, შესაძლებელია მავნებლის პოპულაციის მნიშვნელოვნად შემცირება სამომავლოდ. ეს არის გამოწვევა, რომელსაც სახელმწიფო და მოსახლეობა ერთად უნდა გაუმკლავდეს“,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფომ, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, 100 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია საავიაციო ტექნიკაც.