ხმაურის გამო აგვისტოში 37 ჯარიმა დაიწერა

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, საპატრულო პოლიციამ ორ კვირაში საქართველოს მასშტაბით სულ 37 ჯარიმა გამოწერა.

ჯარიმების ეს რაოდენობა ხმაურის შესახებ კანონის ამოქმედებიდან, 15 აგვისტოდან 31 აგვისტომდე დაფიქსირდა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 77’-1 მუხლით ყველაზე მეტი 24 ჯარიმა თბილისში დაიწერა, შემდეგი არის აჭარა, სადაც სამართალდამცველებმა 10 ჯარიმა გამოწერეს, ხოლო ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიის რეგიონში დაჯარიმების თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნული მუხლის განმეორებით დარღვევისთვის დამატებით ორი ჯარიმა დაიწერა თბილისსა და ქვემო ქართლში.

„ინტერპრესნიუსმა“ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლების, კერძო საკუთრების უძრავი ქონების და საზოგადოებრივ ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება იწვევს ფიზიკური, იურიდიული პირის გაფრთხილებას.

დღის საათებად ითვლება 08:00-დან 23:00 საათამდე, ღამის საათებად - 23:00-დან 08:00 საათამდე.

გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით.

ამ სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენის შემდგომ იგივე ქმედების განხორციელება ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის სტატუსის გაუქმებამდე გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

ამავე ცვლილებებით, ღამის საათებში პიროტექნიკურ ნაკეთობათა გამოყენება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.

ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება ახალი წლის 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე. 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23 საათამდე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (9 აპრილი და 26 მაისი) სადღესასწაულო დღეებზე.