ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 18 სექტემბრის მონაცემებით, უვიზო მიმოსვლით საქართველოს 86 500-მა მოქალაქემ ისარგებლა, თუმცა მათგან 236 საზღვარზე არ შეუშვეს და უკან გამოაბრუნეს.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი თამარ ხულორდავა ამბობს, რომ ეს დადებითი ტენდენციის მაჩვენებელია.
"ეს ცუდი მონაცემი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩვენს მოქალაქეებს რაიმე ხელოვნური ბარიერი არ ექმნებათ. უკან დაბრუნებულების მონაცემები, რომელიც დაფიქსირდა, ობიექტურ მიზეზებთან იყო დაკავშირებული, ანუ, მოქალაქეს ან დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა, არ რაიმე დარღვევა დაფქსირდა, რის გამოც მათ ვერ შეძლეს ხელახლა მოეპოვებინათ უფლება, რომ შენგენის ზონაში გასულიყვნენ", - ამბობს ხულორდავა.
ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ევროკავშირის ტერიტორიაზე დღეში საშუალოდ საქართველოს 497 მოქალაქე შედის.
რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის წესები დაარღვიეს და ევროკაშვირში 90 დღეზე მეტხანს დარჩნენ, ამასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები უცნობია. ივლისის ბოლოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასეთ მოქალაქეთა რაოდენობა 3 ათასს აღწევდა. ცნობისათვის, იმ მომენტისთვის ევროკავშირის საზღვარი უვიზოდ საქართველოს 55 ათას მოქალაქეს ჰქონდა გადაკვეთილი.
"რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია,რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ არსებობს, რადგან უვიზო მიმოსვლის წესებს უმრავლესობა იცავს.
"ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს, რადგან შესაძლო შეჩერების პროცედურებთან დაკავშირებით საუბარი იყო. აღნიშნული იდეა გერმანიამ წამოაყენა. თუ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ხშირად დაირღვევა, მაშინ შესაძლებელია ევროკავშირმა უფლება დაიტოვოს წამოაყენოს ინიციატივა, რომ დროებითი მონატორიუმი განხორციელდეს.
"შეჩერების საფრთხე არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით მაინც მგონია, რომ ეს არ მოხდება, რადგან უმრავლესობას პროცედურები არ დაურღვევია. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ნაკლებადაა მოსალოდნელი ევროკავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა, მეორე მხრივ სიფრთხილეს თავი არ სტკივა", - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
როგორც ექსპერტ სოსო ცინცაძემ განგვიცხადა, მოსალოდნელი შედეგები მისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების დროს ცნობილი იყო. მისი განმარტებით, ვიზალიბერალიზაცია ღია კარს და ისე მოქცევას, როგორც საქართველოს მოქალაქეებს სურთ, არ ნიშნავს.
"ეს მხოლოდ ყვავილებია, როგორც ამბობენ. ნაყოფი მერე იქნება. ჩვენი მოსახლეობის 99% უცხოეთში იმიტომ არ მიდის, რომ ვერსალი ან მუზეუმები ნახოს. ევროპაში ნამყოფი ვარ და მთელ დროს მუზეუმებში ვატარებდი. ერთი ქართველი არ შემხვედრია, არც ვერსალში, არც ვატიკანის მუზეუმში. ათეული წლების მანძილზე ერთი ქართველი არ შემხვედრია.
"იქ ათასი სჯულის ხალხი დადის, მაგრამ ქართველი არა. ქართველები იქ იმისთვის მიდიან, რომ ლუკმაპური იშოვონ, 90 წლის მოხუცებს მოუარონ, "გარშოკები" მიუტანონ, სახლი დაულაგონ, მის კატას მიხედონ, საღამოს ძაღლი გაასეირნონ და ა. შ. რისთვისაც ღატაკი ქვეყნის მოსახლეობა მიდის.
"დღეს ყველამ იცის, რომ ევროპა ქართველისთვის იგივეა, რაც რუსეთი ტაჯიკისათვის, ყირგიზისათვის, უზბეკეთისთვის. ამიტომ ჩემთვის აქ არაფერი ახალი და სენსაციური არ არის. ელემენტარულად, ისიც არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება ამაზე რაიმე დასკვნას გამოიტანს.
"რაც შეეხება პოლიტიკის გამკაცრებას, ევროპა ამას ჩვენთვის ხომ არ შეაჩერებს. წესით და კანონით, ევროპული კანონებით, რასაკვირველია უნდა შეაჩეროს, მაგრამ არ შეაჩერებს, რადგან ეს იგივეა, ღარიბ ნათესავს საჩუქარს რომ მისცემ, მერე იმ საჩუქარს უკან ხომ არ წაართმევ, ცოტა უხერხულია.
"როდესაც ევროპაში ასი ათასობით უკანონოდ შესული არაბია, შენი სამი და ხუთი ათასი საქართველოს მოქალაქე ზღვაში წვეთია. ამ წვეთზე ევროპა თვალს დახუჭავს, ყურადღებას არ მიაქცევს.
"არაოფიციალურად ჩვენი საელჩოების გაფრთხილება იქნება, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ალბათ პრემიერ-მინისტრს კონფიდენციალურად შეხვდება. რასაც ჩვენ ვერაოსდეს ვერ გავიგებთ, ვერასდროს გავიგებთ საუბარი რაზე იქნება. მოგვიწოდებენ, რომ მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, თორემ უხერხულია, ულამაზოა და ა. შ.
"მოხდა ისე, რაც უნდა მომხდარიყო. მე ამაზე ვიზალიბერალიზაციის შემოღებამდე ვლაპარაკობდი. ხმამაღლა ვლაპარაკობდი და ეს ჩემი აღმოჩენა არ იყო, ეს ზედაპირზე იყო", - ამბობს სოსო ცინცაძე.
შეგახსენებთ, რომ ამ წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეუძლიათ. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგაზვრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.
გვანცა წულაია
გაზეთი "რეზონანსი"