უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელმა კომისიამ თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია 80 პირს მისცა , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო 9 თვის განმავლობაში დიასპორის მიმართულებით საქმიანობის ანგარიშს მინისტრისგან ისმენს.
”უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრისა და თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გრძელდება თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის ფუნქციონირება. გაიმართა კომისიის 11 სხდომა, თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა 80 პირს”, - განაცხადა ჯანელიძემ.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2017 წლის იანვრიდან კურირებს დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებს და ბოლო 9 თვის განმალობაში გადაიდგა მრავალი ნაბიჯი დიასპორასთან კავშირების გასაღრმავებლად და მათ გასაძლიერებლად.
”პირველად შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგია - „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“. სტრატეგია მოიცავს სახელმწიფოს ხედვებსა და ამოცანებს დიასპორასთან მიმართებაში. მასში ასევე გაწერილია სტრატეგიის შესრულების სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პროექტები. სტრატეგიის განხილვა წარიმართა დაინტერესებული საზოგადოების ფართო ჩართულობით და მასში გათვალისწინებულია, როგორც პარლამენტის, ასევე დიასპორული ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებები. სტრატეგიის დამტკიცების შემდგომ დაიწყება კონკრეტული პროექტების განხორციელება. მოხდა დიასპორის პრობლემატიკის შესწავლა და ექსპერტიზა. იმისათვის, რომ დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფოს მიზნები ყოფილიყო რეალისტურად ამბიციური და მასში მაქსიმალურად ასახულიყო დიასპორის საჭიროებები. საქართველოს პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტის რეკომენდაციით მოხდა საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საჭიროებების შესწავლა. პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირების შემდგომ აქტიურად მიმდინარეობს მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა. მაგალითად, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით დაიწყო საბერძნეთის რესპუბლიკის სკოლებში ქართული ენის შემსწავლელი საპილოტე პროგრამის განხორციელება, საბერძნეთის მხარესთან დაიწყო კონსულტაციები საბერძნეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სტატუსის შესახებ; ასევე თურქეთის რესპუბლიკასთან შესაბამისი მუშაობის შედეგად 2017 წლის ივლისში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გამოიცა განკარგულება ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოლქში შესულ გუბერნიებში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის”, - განაცხადა ჯანელიძემ.