გასული კვირის დასაწყისში ელექტრონული ვალუტა ცდილობდა გამყარებას.
22 სექტემბერს, ამერიკული ბანკის JP Morgan-ის დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ ერთ კვირაში ბევრი ქვეყანა დახურავს კრიპტოვალუტების ბირჟებს, რათა საბოლოოდ შეძლონ კრიპტოკორუფციული სივრცის გაკონტროლება. ამ განცხადების ფონზე მცირედით გამყარებული ბიტკოინი ისევ დასუსტდა და 4110$-დან ჩამოვიდა 3490$-მდე.
გასული კვირის სავაჭრო სესიის დროს საკმაოდ აქტიური იყო ოქრო. ძვირფასი მეტალი მგრძნობიარეა ამერიკული დოლარის მიმართ, ამიტომ ამერიკაში მიმდინარე მოვლენებმა ოქროს დასუსტებაზე იქონია ზეგავლენა.
ოთხშაბათს, 20 სექტემბერს, ამერიკის ფედერალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დატოვა იგივე 1.25 %, მაგრამ თანმხლებ განცხადებაში ბანკის მმართველმა, ჯანეტ იელენმა ეკონომიკურ წინსვლაზე და გეგმებზე ისაუბრა, რაზეც ბაზარმა დადებითად უპასუხა და ეგრეთ წოდებული უსაფრთხო აქტივი დასუსტდა. მთლიანობაში კვირის მანძილზე ოქრო 1320$-დან ჩამოვიდა 1287$-მდე.
შავი ოქრო მცირედით გამყარდა. ინვესტორები დიდი ყურადღებით ელოდებოდნენ Opec-ის წევრი და არაწევრი ქვეყნების შეხვედრის დასასრულს და ოპტიმიზმით უყურებდნენ წარმოების კიდევ უფრო შეზღუდვის შესაძლებლობებს.
პარასკევს, 22 სექტემბერს, ვენაში გამართულ ოპეკ-ის კომიტეტის სხდომაზე, ექსპორტიორ ქვეყნებს უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება წარმოების შეზღუდვაზე, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ცოტა ხნით დაელოდებიან, რადგან საჭიროა კიდევ შემდეგი ქმედებები. გადაწყვეტილებას მომდევნო შეხვედრაზე მიიღებენ, რომელიც 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ მოვლენების ფონზე Brent-ის ხარისხის ნავთობი 54$-დან ავიდა 56$-მდე.
სოციალური ქსელი Facebook-ი ფართოვდება. კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკემბერგმა განაცხადა, რომ 3000 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის. კომპანიამ სან ფრანცისკოში შეიძინა უდიდესი ოფისი, რომელშიც 35 მილიონი დოლარი გადაიხადა.
Facebook-ის განცხადებით, თანმშრომლების რაოდენობა აგვისტოს მონაცემებით 20 600-ს შეადგენდა, რაც გასულ წელთან შედარებით 40%-ით მეტია. კომპანიის აქციების ფასი ამ დროისთვის 175 დოლარია. ჩვენი აზრით, "ფეისბუქის" გაფართოება დადებით ზეგავლენას მოახდენს კომპანიაზე და წლის ბოლომდე აქციები გააგრძელებს გამყარებას.
ფორექსზე გასული 18-22 სექტემბრის სავაჭრო კვირა საკმაოდ აქტიური იყო. ამერიკაში და ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ოთხშაბათს, 20 სექტემბერს, ამერიკის ფედერალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი დატოვა იგივე, 1.25%.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ ბანკი ბალანსის დასტაბილურების მიზნით ოქტომბრიდან იწყებს დოლარის მოცულობის შემცირებას 50 მილიარდი დოლარით. ამ განცხადების ფონზე ამერიკული დოლარი გამყარდა ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში. საინტერესო იყო EUR/USD-ის წყვილი, რომელიც შემოტრილდა და 1.20327-დან ჩამოვიდა 1.18596-მდე.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ბრიტანეთში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები. 22 სექტემბერს, პარასკევს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტერეზა მეი სიტყვით გამოვიდა იტალიის ქალაქ ფლორენციაში.
პრემიერმა ისაუბრა ბრექსიტის გარდამავალ 2-წლიან გეგმაზე. მეიმ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა გარკვეული გადასახადები გადაუხადოს ევროკავშირს, როგორიცაა განათლების და კულტურის დაფინანსებები. მეის განცხადებების ფონზე GBP/USD-ის წყვილი 1.36556-დან ჩამოვიდა1.34456-მდე.
25-29 სექტემბრის კალენდარში ჩანიშნულია სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები. დღეს ძირითადად ინვესტორების ყურადღება გადატანილია გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. არჩევნების ფონზე ევრო კკურსი ძირითად ვალუტებთან მიმართებაში გაუფასურდა.
სამშაბათს, 26 სექტემბერს, თბილისის დროით ღამის 1 საათსა და 45 წუთზე ახალი ზელანდიიდან გამოვა სავაჭრო ბალანსი. ხოლო საღამოს 18 საათზე ამერიკა გამოაქვეყნებს მომხმარებლის სიმტკიცის ინდექსს. სავაჭროდ აქტიური წყვილები იქნება: AUD/NZD; NZD/USD; USD/CAD და USD/JPY;
ოთხშაბათს, 27 სექტემბერს, დილის 10 საათზე ნორვეგიიდან გამოვა უმუშევრობის დონე. 11 საათზე შვედეთიდან გამოვა სამომხმარებლო ნდობის ინდექსი. ხოლო საღამოს 18 საათსა და 30 წუთზე ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრო გამოაქვეყნებს ნავთობის მარაგებს. ვაჭრობა რეკომენდირებულია: USD/NOK; USD/SEK; USD/CAD; და EUR/CAD-ის წყვილებზე.
ხუთშაბათს, 28 სექტემბერს, ჩვენი დროით ღამის 12 საათზე ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილება იქნება საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით. 16 საათზე გერმანიიდან გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი. ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკა გამოაქვეყნებს მთლიან შიდა პროდუქტს. აქტიური წყვილები იქნება: EUR/NZD; AUD/NZD; NZD/USD და EUR/USD;
პარასკევს, 29 სექტემებრს, გამთენიის 4-ის ნახევარზე იაპონია გამოაცხადებს უმუშევრობის დონეს და სამეწარმეო წარმოებას. დილის 11 საათსა და 55 წუთზე გერმანიიდან გამოვა უმუშევრობის დონე. 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთიდან გამოვა მ.შ.პ. ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე კანადაც გამოაქვეყნებს მთლიან შიდა პროდუქტს.
საფინანსო ბაზრებოს მიმოხილვა შედგენილია სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის, Globex Analytics-ის მიერ