ბიზნესმენ რომან ფიფიას განცხადებით, რუსთავის აზოტის გასხვისება უკანონო გარიგება იქნება, თუ აღნიშნულის თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
ამასთან, ფიფია ფიქრობს, რომ „არც ერთი ინვესტორი არ შეიძენს აქტივს, რომელიც მრავალმხრივი დავის საგანია“.
მისივე თქმით, რუსთავის აზოტთან დაკავშირებით ლუქსემბურგის გარდა შესაძლოა დავა სხვა იურისდიქციებშიც დაიწყოს.
“რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავები როგორც საქართველოს, ასევე ლუქსემბურგის იურისდიქციებში. რამდენადაც ჩემთვის და საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოში დავის საგანია ს.ს. “საქართველოს ბანკის” ინიციატივით მოწყობილი აუქციონის შედეგები, რომლის მიხედვით რუსთვის აზოტის ქარხნის აქტივები შეიძინა გაურკვეველი წარმომავლობის კომპანია ს.ს. “EU Investments”-მა, რომელმაც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ფინანსირება მიიღო ს.ს. “საქართველოს ბანკი”-ს ძირითად აქციონერისაგან “BGEO GROUP”-საგან. ამ ეტაპზე მე ვაწარმოებ დავას ლუქსემბურგში რუსული კომპანია “SISTEMA” და ლუქსემბურგში მის შვილობილ კომერციულ ბანკ “EAST WEST UNITED BANK”-ის წინააღმდეგ.
“SISTEMA”-მ კოორპორატიული რეიდერობით სცადა რუსთვის აზოტის ხელში ჩაგდება და ხელოვნურად ჩაშალა უპრეცენდენტო მასშტაბის EBRD-ს ფინანსირება, რაც მოიცავდა არსებული სესხების რეფინანსირებას და რუსთავის აზოტის საწარმოო სიმძლავრეების გაორმაგებას. ამ პროექტით რუსთავის აზოტის საექსპორტო პოტენციალი იზრდებოდა ორჯერ და რუსთავში დამატებით იქმნებოდა 300 სამუშაო ადგილი. მე ასევე განვიხილავ დავის დაწყებას სხვა იურისდიქციებში და არ გამოვრიცხავ, რომ დავაში ჩაერთვებიან, ამ უდიდესი მაქინაციის სხვა, ახალი ფიგურანტები.
"ამ გარემოების გათვალისწინებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის აზოტი დღეს იყიდება, არ მგონია სიმართლეს შეესაბამოდეს, ვინაიდან არცერთი ინვესტორი არ შეიძენს აქტივს, რომელიც არის მრავალმხრივი დავის საგანი. ხოლო თუ ეს სიმართლეა, მაშინ, ჩემი აზრით, საქმე გვაქვს უკანონო გარიგებასთან. ნებისმიერ შემთხვევაში ამგვარი ინვესტორი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და მე მოვუწოდებ ყველა შესაძლო მხარეს, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და არ გახდნენ უკანონო გარიგების მონაწილეები”, - განაცხადა რომან ფიფიამ, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ს.ს. საქართველოს ბანკი რუსთავის აზოტის ქარხნის რუს ინვესტორებზე გახსვისებას აპირებს და სავარაუდოდ გადაფორმების პროცესი უკვე მიმდინარეობს.
მისივე თქმით, არჩეული აქვს სამართლებრივი ბრძოლის გზა და დარწმუნებულია, რომ სასამართლოში საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს.
„გპირდებით, რომ დროდადრო სასამართლო პროცესების მიმდინარეობის და შედეგებიდან გამომდინარე საზოგადოებას მივაწვდი ამომწურავ პასუხებს,“ - აღნიშნა ფიფიამ.