შიდა ტურიზმის ფარგლებში 2017 წელს ყველაზე მეტი სტუმარი თბილისს ეწვია. 15 წლისა და უფროსი ასაკის იმ ვიზიტორების რაოდენობამ, რომელთაც დედაქალაქის მონახულება გადაწყვიტეს, 2017 წლის პირველი ორი კვარტლის მიხედვით 418 300 შეადგინა. მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი - 527 900.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, დედაქალაქის მერე ყველაზე მეტი სტუმარი იმერეთის რეგიონს ესტუმრა - 333 700. ჯამში იმერეთში 405 900 ვიზიტი განხორციელდა. იმერეთს ვიზიტორებისა და ვიზიტების რაოდენობით აჭარა მოსდევს - 183 500 სტუმრის მიერ განხორციელებული 224 700 ვიზიტით.
რაც შეეხება კახეთს, 2 კვარტლის მონაცემებით აქ 127 300 ადამიანი ჩავიდა (147 900 ვიზიტი). სამეგრელო-ზემო სვანეთს 124 200 სტუმარი ეწვია (145 000 ვიზიტი). შიდა ქართლი 121 100-მა ადამიანმა მოინახულა (158 300 ვიზიტი). ქვემო ქართლი - 106 000-მა (134 800 ვიზიტი).
მცხეთა-მთიანეთს 99 800 ადამიანი ესტუმრა (118 600 ვიზიტი), სამცხე-ჯავახეთს - 76 300 (89 600 ვიზიტი). 46 300-მა სტუმარმა გადაწყვიტა გურიაში ჩასვლა (54 400 ვიზიტი). ხოლო რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ჯამში 20 900-მა ვიზიტორმა მოინახულა (24 300).
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ნაკლები სტუმარი აფხაზეთს ჰყავდა - 3 ათასი ადამიანი. ჯამში აფხაზეთში 3 300 ვიზიტი განხორციელდა.