1 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ფასის ლარში მითითების ვალდებულება დაეკისრა.
რამდენად იქონია გავლენა ამან უძრავი ქონების ბაზარზე და როგორია ბოლოდროინდელი ტენდენციები - AMBEBI.GE უძრავი ქონების სააგენტოებს გაესაუბრა.
სპეციალისტების შეფასებით, ბაზარზე უძრავი ქონების ფასის მკვეთრი ცვლილება არ ფიქსირდება, თუმცა ფასი მაინც დოლარის კურსის ცვლილებაზეა დამოკიდებული.
"მოგეხსენებათ პირველი ივლისიდან ფასის ლარში მითითება სავალდებულო გახდა, თუმცა დოლარი ლარებში გადაყავთ და ჩვეულებრივად საბაზრო კურსს უკავშირებენ და არა ოფიციალურს. პრაქტიკულად ფასი მაინც დოლარზეა მიბმული. რეალურ შემთხვევაში კი როცა უკვე კლიენტი გამოჩნდება, შესაძლოა სულ სხვა ფასით გაიყიდოს, ამიტომაც რთული სათქმელია ფასმა აიწია თუ არა. ჩვენ ყველა განცხადება ლარში გვაქვს გაშვებული, თუმცა ბინის პატრონი იმ თანხას ითხოვს რამდენიცაა კურსიც", - აცხადებს უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge-ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძე.
მისი თქმით, გასაყიდი ბინა ძალიან ბევრია რეალური კლიენტი ცოტა, ეს განსაკუთრებით ძველ ბინებს ეხება. "ახალი მშენებლობები ძალიან კარგად მიმდინარეობს, ამიტომაც მყიდველების უმრავლესობა სამშენებლო კომპანიებს მიმართავს, ძველ ბინებზე კი მოთხოვნა ძალიან შემცირდა. როგორც ე.წ "ხრუშოვკას იშვიათად ყიდულობენ, თუ ყიდულობენ ძალიან დაბალ ფასად, ასევეა ძველ ბინებზეც. ახალი აშენებული ბინა ძალიან ბევრია, თან არც ისეთი ცუდი პირობებით იყიდება", - აცხადებს გოგუაძე.
უძრავი ქონების განცხადებების საიტის SS.ge-ს დირექტორის ნიკა ჯაფარიძის განცხადებით, უძრავ ქონებაზე ფასის ლარში მითითების ვალდებულებამ გაურკვევლობა გამოიწვია. "ბევრი განცხადებას აქვეყნებს და არ ითვალისწინებს, რომ ლარში მითითება აუცილებელია. ფიქრობენ, რომ დოლარში მითითებული ფასი ლარშია. ამას ისიც დაემატა, რომ ლართან მიმართებაში ვალდებულება მხოლოდ იურიდიულ პირებს აქვთ ანუ სამშენებლო კომპანიებს და ა.შ. როგორც გაირკვა ფიზიკურ პირს შეუძლია განცხადება კვლავ დოლარის სახით გამოაქვეყნოს. ვიღაც ლარში უთითებს ვიღაც დოლარში, ამან სიტუაცია არია", - ამბობს SS.ge-ს დირექტორი.
ჯაფარიძის შეფასებით, უმჯობესია ლარიზაცია ყველას შეხებოდა და არა მხოლოდ გარკვეულ სეგმენტს.
"ერთხელ და სამუდამოდ ყველა ფიზიკურიც და იურიდიულიც ლარზე უნდა გადავიდეს. რაც შეეხება ფასებს, რეალურად ფასები იგივე დარჩა. როცა დოლარი ძალიან ავარდა ზემოთ, მაგალითად, როცა 1.75 იყო და 2.30-2.40 გახდა, რა თქმა უნდა, ფასებსაც შეეხო. როცა ადამიანს ლარში აქვს ხელფასი, რა თქმა უნდა, 50 ათასი დოლარის გადახდა უფრო გაუჭირდება, ვიდრე ადრე. ლარის გაუფასურებამ ცვლილებები გამოიწვია, მაგრამ ისეთი პროპორციით არა როგორც კურსი შეიცვალა", - განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, გაყიდვების კუთხით სექტემბერი აქტიური თვეა. იხილეთ გაგრძელება