ახალი კვირა ოქროს ფასმა კლებით დაიწყო და ბოლო ერთი თვის მინიმუმზე ჩამოვიდა.
უკვე ზედიზედ ორი კვირაა, რაც ოქროს ფასი იკლებს, რისი მიზეზიც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს მიერ წელს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის მესამედ აწევის განზრახვაზე მინიშნებაა.
კომექსის პლატფორმაზე, ერთი ტროას უნცია ოქროს ფასი 1 295.16 დოლარამდე შემცირდა, რაც წინა სავაჭრო სესიის დახურვის მაჩვენებელზე 2.30 დოლარით ნაკლებია. ეს 25 აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აგვისტოს ბოლოს ფასი 1 291.20 დოლარამდე იყო ჩამოსული.
ამჟამად ძვირფასი მეტალის და სხვა ბაზრები, ფედ-ის წევრების გამოსვლებს ელიან, რომლებმაც შესაძლოა, მეტი სიცხადე შეიტანონ ცენტრალური ბანკის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ბიზნესისა და ეკონომიკის ეროვნული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე, ფედ-ის თავმჯდომარე ჯანეტ იელენის გამოსვლა თემაზე „ინფლაცია, გაურკვევლობა და მონეტარული პოლიტიკა“.
იელენის გარდა, გამოსვლები აქვთ აშშ-ის ცენტრალური ბანკის სხვა წევრებსაც - მათ შორის ნიუ იორკის ბანკის პრეზიდენტ უილიამ დადლის, ფედ-ის ვიცე-თავმჯდომარე სტენლი ფიშერს, ლაელ ბრენარს, ნილ კაშკარის, ჩარლზ ევანსს და პატრიკ ჰარპერს. გარდა ამისა, ამ კვირაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტატისტიკური მონაცემებიც გამოქვეყნდება. მათ შორის, მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდის საბოლოო მაჩვენებლები, კერძო პირთა შემოსავლების და ხარჯვის მაჩვენებლები და ინფლაციასთან დაკავშირებული სტატისტიკა, რასაც ფედრეზერვი ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას.