მსოფლიოში ოქრო ნებაყოფლობით იაფდება, საქართველოში - იძულებით

უცხოურ ბაზრებზე ოქრო იაფდება. ანალიტიკოსები ფასების შემცირებას მოთხოვნის ვარდნას უკავშირებენ.

გაიაფების ტენდენცია წინა კვირას აღინიშნა ჩინეთში, რომელიც ძვირფასი ლითონის უმსხვილესი მომხმარებელია.

ქართულ ბაზარზე კი საპირისპირო ტენდენციაა. 7-13 აპრილის მდგომარეობით, ოქროს (999 სინჯის) საბაზრო საშუალო ფასმა ადგილობრივ ბაზარზე გრამზე 71 ლარი შეადგინა, რაც "აგორა ფინანსების" მონაცემებით, წინა კვირის მაჩვენებელს 1,5%-ით აღემატება.

ქართველი მოვაჭრეების ინფორმაციით, საერთაშორისო ფაქტორს ფასებზე გავლენა არ მოუხდენია და არც უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ გაიაფება გაყიდვების სტიმულირების მიზნით მაინც მოხდეს.

ფასების შემცირება უცხოურ ბაზრებზე გაგრძელდება მომავალშიც. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, 2014 წლის ბოლომდე ოქროს ფასი, შესაძლოა, 22%-ით - 1 უნციაზე 1025 დოლარამდე დაეცეს. ფასებზე გავლენის მიზეზად ამ შემთხვევაში, აშშ-ში სტიმულირების ხარისხისა და ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების პროგრამის დასრულება სახელდება.

ანალიტიკოსთა განმარტებით, ივლისის ბოლოსთვის ოქროს ფასი 1175 დოლარამდე დაეცემა, ხოლო სექტემბრის ბოლოსთვის კი - 1090 დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ ოქროზე ანალოგიური ფასდაკლება 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთი უნცია ოქროს ღირებულებამ 1025 დოლარი შეადგინა.

საქართველოში კი "აგორა ფინანსების" კვირის ეკონომიკურ მონიტორში მოცემული ანალიზით, 1 გრ 583 სინჯი ოქროს ღირებულება 41.34 ლარს შეადგენს. 750 სინჯი ოქოროს ფასი – 53.80 ლარია, 98 სინჯის – 69.27 ლარი, ხოლო 999 სინჯი ოქროს ღირებულება 72.32 ლარით განისაზღვრება.

დილერები ნაკლებად ვარაუდობენ, რომ საქართველოში ოქრო გაიაფდეს. მათი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ფასების კლებას ვერ შეძლებენ, რადგან ოქრო ძვირად აქვთ შესყიდული. თუმცა, არის მოლოდინი, რომ კლების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ძვირფასი ლითონი ადგილობრივ ბაზარზეც გაიაფდება, მაგრამ ეს მხოლოდ მოგვიანებით.

თბილისის ოქროს ბირჟებზე ძნელად შეხვდებით მოვაჭრეებს, რომლებსაც ოქრო უცხოეთიდან ჩამოაქვთ. მათი უმეტესობა ოჯახებიდან ჩაბარებული ძვირფასეულობით ვაჭრობს. ძალიან ცოტა ინტერნეტით უკვეთავს, რისი ტენდენციაც ამ ბოლო დროს გაჩნდა.

დილერებს თუ დავუჯერებთ, ქართველმა მომხმარებელმა ოქროს შეძენის სურვილი დიდი ხნის წინ დაკარგა და დღემდე პასიურია. ხალხი ოქროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ყიდულობს, ძირითადად, ქორწილებისთვის, დაბადების დღეებზე - იშვიათად.

”ბავშვთა სამყაროში” მდებარე ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ოქროს (ჯართი) საწყისი ფასი 45 ლარს შეადგენს, ხოლო 1 გრამი ბაჯაღლოს (ჯართი) ფასი – 75 ლარია. 583 სინჯი ოქროს საბაზრო ღირებულება (ნაკეთობა), მოვაჭრეების ინფორმაციით, 51-53 ლარამდეა, ხოლო 1 გრამი ბაჯაღლოს ფასი (ნაკეთობა) 95 ლარს შეადგენს.

"იაფი ხანა ოქროს ბიზნესისთვის დასრულდა. 2-3 წლის წინათ გრამი ოქრო 40 ლარიც ღირდა, მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა და ამ მაჩვენებლამდე მისი გაიაფება წარმოუდგენელია. ბოლო პერიოდში მუდმივად მიდის საუბარი ოქროს გაიაფებაზე, მაგრამ ადგილობრივ ბაზარს ამის შესაძლებლობა არ აქვს. უცხოეთში კი ფასები სისტემატურად იცვლება, რაც ჩვენთან გავლენას თითქმის არ ახდენს. შეიძლება ითქვას, თვითდინებაზე ვართ, რაღაც აუცილებლობამ თუ არ განაპირობა, ფასი არ იცვლება.

ბოლო რამდენიმე თვეა, ოქროს ფასი ერთსა და იმავე ნიშნულზეა, უმნიშვნელო სხვაობა იყო 1 კვირის წინ, მაგრამ მალევე ჩვეულ მაჩვენებელს დაუბრუნდა. ჯერჯერობით არანაირ ცვლილებას არ ველოდებით, მაგრამ საზღვარგარეთ გაიაფება დიდხანს თუ გაგრძელდება, სიტუაცია აქაც შეიძლება შეიცვალოს. მცირე რყევები, რასაც უცხოურ ბირჟებზე ადგილი აქვს, ადგილობრივ ფასებზე გავლენას ვერ მოახდენს", - ამბობს მარინა სურამანიძე, დილერი.

დღესდღეობით ქართველი მოვაჭრეებისთვის ყველაზე დიდი თავსატეხი რეალიზაციის კლებაა. ისინი ამბობენ, რომ ოქროს მიმართ ინტერესია დაკარგული, რადგან ხალხს მისი შეძენის შესაძლებლობა არ აქვს.

"რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ოქროს გაიაფება მოგვიხდა, მაგრამ გაყიდვაზე გავლენა არც ერთხელ არ მოუხდენია. მომხმარებელი ოქროულობას ყიდულობს მაშინ, როცა მისთვის ეს აუცილებლობაა. ასეთია ქორწილი, როდესაც ოქროს ახლობელი ადამიანისთვის იმეტებენ, თუნდაც ვალის აღება დასჭირდეთ. იშვიათად დაბადების დღეებზეც ყიდულობენ.

ჩემთვის დღემდე გაუგებარია რატომ არ გაიაფდა, როცა რეალურად ამის შესაძლებლობა აქვთ. ფასებს ჩვენ არ ვადგენთ და არც ამ კითხვაზე გვაქვს პასუხი.

არ გამოვრიცხავთ, ძვირფასი ლითონი გაყიდვის სტიმულირების მიზნით გაიაფდეს. ამაზე ადრეც იყო საუბარი, მაგრამ ვერ მოხერხდა. სიმართლე გითხრათ, სხვა გამოსავალი არც გვაქვს, ძვირფასეულობით ისედაც არავინ ინტერესდება. ხშირად ხდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვყიდით, ფაქტობრივად, ოქროს ქართული ბაზარი მომხმარებლის გარეშეა", - ამბობს "ოქროს ბირჟის" დილერი.

მარი ჩიტაია